„ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ჩაიწერა, რომ ომი სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა დაიწყო – ამ მოსაზრებას იზიარებს „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთ აზრზე არიან და დანარჩენს უკვე გამოძიება დაადგენს“.
„რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ დანაშაულს, რაზეც დღემდე არცერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ სასამართლო ინსტანციას არ უმსჯელია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ დანაშაული გამოძიება, რომელიც მაშინდელმა ავტორიტარულმა რეჟიმმა ჩაიდინა საქართველოში. იმ შემთხვევაში თუ არ იქნება ასეთი ტიპის დანაშაულები გამოძიებული, შეიძლება ქვეყანას მუდმივად დარჩეს რისკები.
კოლექტიურ „ნაცმოძრაობას„ სურს, ხელისუფლებაში დაბრუნება, რაც არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, მაგრამ თეორიულად რომ დავუშვათ ასეთი რამ, ისინი მაქსიმუმ ერთ კვირაში ისეთ ქმედებებს ჩაიდენენ, რომელიც კიდევ ერთხელ მიიყვანს საქართველოს ომამდე, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. მთელი ამ ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო. გახსოვთ პოლიტიკოსების და მათი NGO-ების განცხადებები ამ საკითხთან, ომთან, სანქციებთან და უკრაინაში მთავრობის ოფიციალური მოთხოვნით მებრძოლით სავსე თვითმფრინავების გაგზავნასთან დაკავშირებით – ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა მეორე ფრონტის მომწიფებას ნიშნავდა. ისინი არ მალავდნენ საკუთარ სურვილს და ინტერესს, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო.
რაც შეეხება უშუალოდ 2008 წლის მოვლენებს, „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ჩაიწერა, რომ ომი სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა დაიწყო. ამ მოსაზრებას იზიარებს „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 2018 წელს, მთელი საარჩევნო პერიოდი აცხადებდა, რომ სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი 2008 წელს. ანუ, „ნაცმოძრაობა“ და მათი პრეზიდენტი ზურაბიშვილი არიან ერთ აზრზე, დანარჩენს უკვე გამოძიება დაადგენს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.