ოფიციალურად იხსნება და სრულფასოვან ფუნქციონირებას იწყებს თბილისის მშრალი პორტი – რეგიონში პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის მშრალი პორტის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტია, რომელიც კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში საკვანძო როლს შეასრულებს.
„თბილისის მშრალი პორტი 28.5 ჰექტარ ტერიტორიაზე 3 ფაზად შენდება; უკვე ამოქმედდა პირველი ფაზა, რაშიც ჩაიდო 21 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია და ამ პირველი ფაზის დასრულების შემდეგ შესაძლებელია წელიწადში 100 000 კონტეინერის დამუშავება. დარჩენილი ფაზების დასრულების შემდეგ მისი სიმძლავრე 200 000 კონტეინერამდე გაიზრდება.
ეს არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც შეემატა ჩვენს ქვეყანას და ეს ობიექტი ჩვენს საზღვაო პორტებთან ერთად, როგორიც არის ფოთის, ბათუმისა და შემდეგ უკვე ანაკლიის პორტები, საკვანძო როლს შეასრულებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ის არა მხოლოდ ქართულ პორტებს მოემსახურება, არამედ საერთაშორისო საზღვაო ხაზებისთვის საკონტეინერო ჰაბისა და დეპოს ფუნქციასაც შეასრულებს.
„ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კონტეინერების დამუშავებისა და გადაადგილების ოპერაციებს, განსაკუთრებით კი ჩინეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან „შუა დერეფნის“ მეშვეობით გადაზიდული ტვირთებისთვის.
მშრალი პორტის სტრატეგიული მდებარეობა – პირდაპირი წვდომა საერთაშორისო ავტომაგისტრალებთან, კავშირი ეროვნულ სარკინიგზო ქსელთან, სიახლოვე სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებთან და თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან, მას რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ლოგისტიკურ ცენტრად აქცევს.
მინდა, მადლობა გადავუხადო ინვესტორებს – “აბუ-დაბი პორტების ჯგუფს”, ჩვენს პარტნიორებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ასევე ნორვეგიულ “ვილჰელმსენ პორტ სერვისს”, ადგილობრივ კომპანია “ინვეკოს”, ყველა ინჟინერსა თუ მშენებელს, ვინც წვლილი შეიტანა ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში.
ეს პროექტი დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკური განვითარების გზაზე, რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს ყველაფერი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადებისა და სატრანზიტო ფუნქციას და ჩვენი ქვეყნის რეგიონის ჰაბად გადაქცევას უზრუნველყოფს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
