ევროპელი ბიუროკრატები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი უნდა დაიწყოს – სადაც რუსეთთან აპირებენ პირდაპირი დიალოგის დაწყებას, იქ ალბათ, საქართველოს “პრორუსულ ხელისუფლებასთან“ მოუნდებათ, ასევე, დიალოგის დაწყება , – ეს განცხადება პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის კვლევის შეფასებისას გააკეთა, სადაც ხაზგასმულია ანაკლიას ღრმაწყლოვანი პორტისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტების მნიშვნელობა.
კობახიძის თქმით, აღნიშნული კვლევა მაგალითია იმისა, თუ როგორ ხედავს ობიექტური მკვლევარი საქართველოში შექმნილ ვითარებას.
მან აქვე აღნიშნა, რომ დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში ორმაგი სტანდარტი არის სერიოზული პრობლემა.
“როდესაც ევროკავშირში ობიექტური შეფასებები იწერება და ემპირიულ კვლევებზე დაფუძნებული დოკუმენტები დგება, იქ ყველაფერი ისეა ასახული, როგორც არის სინამდვილეში. ამის საპირწონედ ხშირად არის უხეში პოლიტიკური განცხადებები, რომელსაც ობიექტურ სინამდვილესთან არავითარი კავშირი არა აქვს.
პოლიტიკური კონტექსტი მთლიანად შეიცვალა. მაგალითად, ამ ფონზე შეიცვალა ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ. ევროპელი ბიუროკრატები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი უნდა დაიწყოს – სადაც რუსეთთან აპირებენ პირდაპირი დიალოგის დაწყებას, იქ ალბათ საქართველოს “პრორუსულ ხელისუფლებასთან“ მოუნდებათ, ასევე დიალოგის დაწყება.
ამ მცირე გადახვევით ორმაგ სტანდარტებზე მინდა ხაზგასმა. დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში ორმაგი სტანდარტი არის სერიოზული პრობლემა. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი ამ მხრივ სერიოზულ პრობლემებს დაძლევს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




