პრემიერის შეცვლა მთავრობის გადადგომას იწვევს

პრემიერ-მინისტრს გადადგომისთანავე უფლებამოსილება შეუწყდება, მთავრობა კი მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს.
„ქართული ოცნების“ მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილი ახალი მთავრობა პარლამენტმა 2 კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის, ე.ი. 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებების შედეგად პრემიერ-მინისტრის პოსტს ირაკლი კობახიძე დაიკავებს, ირაკლი ღარიბაშვილი კი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლებს.
ცნობები ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებაზე განაცხადა. ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარე გახდა. ამავდროულად, შეიცვალა „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს” წესდება, რომელის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას დასამტკიცებლად პოლიტიკურ საბჭოს — არა პარტიის თავმჯდომარე, არამედ საპატიო თავმჯდომარე წარადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)