აქტიურად გრძელდებოდა საერთაშორისო სასამართლოებში მიღებული გადაწყვეტილებების გამოყენება საერთაშორისო არენაზე ყველა შესაძლო პოლიტიკურ და სამართლებრივ ფორმატში რუსეთის მიერ მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით , – ამის შესახებ პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ მოხსენებაში წერს.
მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო თანამეგობრობას მიეწოდა ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მორიგი გადაწყვეტილების შესახებ.
“კერძოდ, 2024 წლის 17 დეკემბრის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, საქმეზე − “ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლი აფხაზეთის რეგიონსა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე, კერძოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრა.
სტრასბურგის სასამართლოში “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ მორიგი ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, აღნიშნული დავის ფარგლებში გრძელდება წარმოება დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხზე. დაზარალებულთა კომპენსაციასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია, დარღვევის მსხვერპლთა ნუსხა და 1000-ამდე თანდართული დოკუმენტი.
ამასთანავე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში ქართული მხარის აქტიური ჩართულობით, მიმდინარეობს “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)“ (ე.წ. დეპორტირებულების საქმე) და “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ (ე.წ. აგვისტოს ომის საქმე) სახელმწიფოთაშორის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცედურები. მინისტრთა კომიტეტი გამოსცემს მკაცრ გადაწყვეტილებებს/რეზოლუციებს რუსეთის მიმართ, სადაც ხაზგასმულია როგორც მოპასუხე სახელმწიფოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის გადახდის, ისე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ქართველების საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველყოფის უპირობო ვალდებულებები.
ქართული მხარის ინიციატივით, რუსეთის მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების გზების შესასწავლად, საკითხი გადაეცა ევროპის საბჭოს სამართლებრივ მრჩეველთა კომიტეტს (CAHDI), რომლის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი საქართველოს მონაწილეობით. ჯგუფმა მოამზადა დოკუმენტი, რომელიც ამჟამად განიხილება ევროპის საბჭოში.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ 3 ბრალდებულის (ცხინვალის დე ფაქტო „ხელისუფლების“ წარმომადგენლების) მიმართ გამოცემული დაპატიმრების ორდერების აღსრულების მიზნით, გრძელდება თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, რათა დამნაშავე პირები წარდგნენ საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე. ხაზგასასმელია, რომ ჰააგის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება ქართული მხარის პასუხისმგებლობის გამოვლენის გარეშე“, – ნათქვამია პრემიერ მინისტრის ანგარიშში, რომელიც წერილობითი ფორმით პარლამენტს უკვე წარედგინა.
