“პრემიერის ბრძანებების დამალვა – ვის გადასცემს მთავრობა ქონებას და რა პირობებით” – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე.
TI-ის შეფასებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მთავრობა ვის გადასცემს ქონებას და რა პირობებით.
„სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია კორუფციის მაღალი რისკის მატარებელია, რის გამოც ამ სფეროში გამჭვირვალობის არარსებობა დაუშვებელია. მთავრობის 2023 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე, განსახილველი 9 საკითხიდან 5 სახელმწიფო ქონების პრივატიზებას შეეხებოდა, რომელთაგან 4 გარკვეულ კითხვებს აჩენს: 1. ანონიმური პრივატიზება: განსახილველ საკითხებს შორის იყო პრივატიზების გადაწყვეტილება, რომლის შესახებ არაფერია ცნობილი არც საპრივატიზებო ქონების აღწერა, არც ქონების მიმღები პირის ვინაობა და არც პირობები. 2. შპს “დიღომი ჰესი”: 20 ნოემბერს საქართველოს მთავრობის განკარგულებით შპს “დიღომი ჰესს” აღნაგობის უფლებით გადაეცა სახელმწიფო ქონება, რომლის აღწერა და პრივატიზების პირობები უცნობია. შპს “დიღომი ჰესის” მეწილე და დირექტორი ტარიელ გიორგაძე „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველია – მან პარტიას 60 000 ლარი 2020 წლის საპარლამენტო ს წინ შესწირა. 3. ფიზიკური პირი ვალერიან ნარიმანიძე: 20 ნოემბერს მთავრობამ გადაწყვიტა გაატაროს გარკვეული ღონისძიებები ფიზიკურ პირ ვალერიან ნარიმანიძის საქმიანობის ხელშესაწყობად. უცნობია, რა ღონისძიებები იგულისხმება, რადგან შესაბამისი განკარგულება არ გამოქვეყნებულა. თუმცა, როგორც წესი, ასეთი განკარგულებები გულისხმობს დაკისრებული ვალდებულებების არ შესრულების პატიებას ანდა გადახედვას. ამ კონტექსტში საყურადღებოა, რომ მთავრობის 2019 წლის განკარგულებით, ვალერიან ნარიმანიძეს წლიური 5 050 ლარის სანაცვლოდ 25 წლით იჯარით გადაეცა 1 467 კვ.მ მიწის ნაკვეთი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სადაც საპრივატიზაციო პირობად 2 წლის განმავლობაში 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება და ტურისტული ცენტრისა და სასტუმროს მშენებლობა იყო ჩადებული. შესაბამისი განკარგულების გასაჯაროება აუცილებელია, რათა გავიგოთ რა იგულისხმება საქმიანობის ხელშეწყობაში და აპატიებს თუ არა სახელმწიფო რაიმე შეუსრულებელ ვალდებულებას ვალერიან ნარიმანიძეს. 4. შპს “რეზო კვარაცხელია”: მთავრობის გადაწყვეტილებით, გადაიხედება შპს “რეზო კვარაცხელიას” მიმართ არსებული პრივატიზების პირობები, თუმცა დეტალები უცნობი რჩება. შპს “რეზო კვარაცხელიას” სახელმწიფო ქონება – 50 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი – ჯერ კიდევ 2012 წელს გადაეცა. 2018 წელს ქონება კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდა, 2023 წლის 20 ნოემბერს კი მთავრობამ გადაწყვიტა კომპანიას გარკვეული, საზოგადოებისთვის უცნობი, შეღავათი შესთავაზოს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობს მოთხოვნების შესაბამისად და უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ