პრეზიდენტმა წარადგინა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია“

ორბელიანების სასახლიდან პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე შეკრებილებს, რომელთა შორის იყვნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, გააცნო სამოქმედო გეგმა, სახელწოდებით, „ქართული ქარტია“.
„თქვენ ახლა ყველა კონკრეტულ გეგმას ელოდებით და მე მევალება თუ ვთვლი, რომ მევალება და ვაცნობიერებ ასეთ პასუხისმგებლობას, რომ ვუპასუხო ამ დიდ მოლოდინს და ერთად დავსახოთ ეს გზა, რომელიც მიგვიყვანს ჩვენს საკუთარ თავთან პირველ რიგში და ევროპაში ამავდროულად. ეს გზა არის არჩევნების გზა. 26 ოქტომბერს არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობიანად და მშვიდობით და სტაბილურობით. უნდა მივიდეთ ისევე მობილიზებულად, როგორც აქამდე და ამავე დროს, გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ ეს მშვიდობა და სტაბილურობა“, – თქვა პრეზიდენტმა.
ს თქმით, შეიძლება, დღეს ბევრი ვერ ხედავდეს გამარჯვების ფორმულას და დიდწილად პოლიტიკოსების მიმართ ნდობაც დაკარგულია, მიუხედავად ამისა, მისი აზრით, ნიჰილიზმის, ქიშპობის და ცალკეულ პოლიტიკურ ამბიციების დრო არ არის.
პრეზიდენტმა დეტალურად განმარტა, რას ნიშნავს „ქართული ქარტია“ და რა პასუხისმგებლობას ანიჭებს ის პოლიტიკურ პარტიებს. სახელმწიფოს მეთაური აცხადებს, რომ მისი ხელმოწერა პოლიტიკოსებს საერთო ალიანსში გაერთიანებას არ ავალდებულებს. ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, მას არ ეხება ესა თუ ის პარტია, როგორ საარჩევნო ტაქტიკასა და სტრატეგიას აირჩევს.
„ქართული ქარტის“ ფარგლებში პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს იმ საკითხებზე შეჯერებას სთავაზობს, რომელთა შესრულება აუცილებელია ევროპული ინტეგრაციისთვის, ქვეყანაში დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის.
ზურაბიშვილის განცხადებით „ქარტიის“ შესრულებისა და ნდობის აღდგენისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა, ამისათვის, მისი თქმით, საჭიროა სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა.
პრეზიდენტმა თითოეული საკითხი განავრცო:
· სხვანაირი ერთობა
„ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე. ერთობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის. ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ. თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ პოლიტიკურ გაერთიანებებს. პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, იმის მერე, რაც ხელს მოაწერენ ამ ქარტიას, როგორი იქნება საკუთარი სტრატეგია და ტაქტიკა. ეს უკვე მე არ მეხება“.
· სხვანაირი არჩევნები:
„დღევანდელი პოლიტიკური და საარჩევნო გარემო არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩატარდეს ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, რომ თავისი სახე, პროგრამა, მეობა წარმოაჩინოს. ვინაიდან ამ არჩევნებზე უნდა გადავწყვიტოთ არა ის თუ ვის ვაძლევთ ხმას, არამედ – რას ვაძლევთ ხმას. სწორედ, ამიტომ, ეს არჩევნები რეალურად იქნება სახალხო რეფერენდუმი, რომელზეც უნდა ვუპასუხოთ შეკითხვას – გვინდა თუ არა ევროპა?
როცა ჩვენ ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმომწერ რომელიმე პარტიას, რეალურად, ხმას ვაძლევთ ქართულ ქარტიას და ე.ი. ევროპულ მომავალს“.
· სხვანაირი პარლამენტი:
„ეს იქნება კონკრეტული ვადით და კონკრეტული ევროპული გეგმის შესასრულებლად არჩეული პარლამენტი. მან უნდა შეასრულოს ქარტიით ნაკისრი ვალდებულებები, ამის შემდეგ ამომრჩეველს დაუბრუნებს მანდატს და ახალ, თავისუფალ გარემოში ჩაატარებს ახალ, რიგგარეშე არჩევნებს.
ეს მოკლევადიანი მანდატი აზღვევს ბევრ რისკს და მათ შორის იმას, რაც აფრთხობს ამომრჩეველს, რომ რომელიმე ძალას არ გაუჩნდეს ხელისუფლებაში უსასრულოდ დარჩენის ცდუნება, რაც გვინახავს“.
· სხვანაირი მთავრობა:
„ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი. ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა. მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით. ეს არის გზა, რომელიც არის მშვიდობიანი, მიზანმიმართული, შედეგიანი და უაღრესად ევროპული. ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს დემოკრატიული არჩევნებით, რაც გვიცავს ნებისმიერი დესტაბილიზაციისა და საშიში დაპირისპირებისგან, განსხვავებული აზრი უნდა გამოიხატოს საარჩევნო უბანზე და არა სხვაგან რაიმე სხვა ფორმით“.
ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს გეგმა მშვიდობიანი გამოსავალია და პასუხისმგებლობას იღებს, რომ დაიცვას ეს გადარჩენისა და ევროპაში დაბრუნების გზა. „ამავე დროს ეს გეგმა მიგვიყვანს იმ სიკეთეებამდე, რასაც დღეს ჩვენი სტრატეგიული მეგობარი ამერიკა გვთავაზობს. ეს ნიშნავს, რომ ვუბრუნდებით ჩვენს კონსტიტუციით გაცხადებულ და გარანტირებულ საგარეო კურსს“, – დაამატა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე დაასახელა ის კონკრეტული რეფორმები, რომლებსაც „ქართული ქარტია“ ითვალისწინებს.
ზურაბიშვილმა თქვა, რომ „ქართულ ქარტიას“ ის ბრიუსელში საქართველოს პარტნიორებსაც წარუდგენს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ასევე დაგაინტერესებთ