დოკუმენტში, რომელიც 30 ივნისს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ აშშ მხარს დაუჭერს სტაბილურ, ერთიან და მშვიდობიან სირიას, რომელიც თავშესაფარს არ აძლევს ტერორისტულ ორგანიზაციებს, უზრუნველყოფს თავისი რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უსაფრთხოებას და ხელს უწყობს რეგიონულ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დააკვირდებიან სირიის ახალი ხელისუფლების მოქმედებებს.
შენარჩუნებულია აშშ-ის სანქციები სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ასადის, მისი ოჯახის წევრებისა და რეჟიმის მომხრეთა წინააღმდეგ.
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასაად ალ-შიბანიმ განაცხადა, რომ სანქციების გაუქმება ხელს შეუწყბს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას და მის გახსნას საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტის განცხადებით, სანქციების მოხსნა სირიელ ხალხს მისცემს ასადის სასტიკი რეჟიმის დამხობის შემდეგ ცხოვრების თავიდან დაწყების შესაძლებლობას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ინფრასტრუქტურის აღდგენას და სირიის ჩართვას მსოფლიო ვაჭრობაში.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 მაისს განაცხადა, რომ სირიისთვის სანქციების მოხსნა გადაწყვიტა. მეორე დღეს მან საუდის არაბეთში არაოფიციალური შეხვედრა გამართა სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან.
სირიაში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა სამთავრობო ძალებზე მასშტაბური შეტევა 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან დაიწყეს, რამდენიმე დღეში აიღეს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ალეპო, კონტროლი დაამყარეს არაერთ სხვა ქალაქზეც და 8 დეკემბრისთვის შევიდნენ დედაქალაქ დამასკში.
რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ოჯახთან ერთად სირია დატოვა და თავი მოსკოვს შეაფარა.
ძირითადი ძალა, რომელმაც ასადის რეჟიმი დაამხო, ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ალ შამია“ (HTS).
2025 წლის იანვარში გამოცხადდა, რომ ამ დაჯგუფების ლიდერი აჰმედ ალ-შარაა სირიის პრეზიდენტი იქნება გარდამავალი პერიოდის მთავრობის მოქმედების დროს.
ფორუმი
