პრეზიდენტმა ოპოზიციას საარჩევნო პროგრამა გაუმზადა, მათ ისღა დარჩენიათ, ტაქტიკაზე იფიქრონ – ვახუშტი მენაბდე

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ქარტიაში ძირითად პუნქტებს გამოყოფს და წერს, რომ ქვეყნის პირველმა პირმა ოპოზიციას ფაქტობრივად საარჩევნო პროგრამა გაუმზადა და მათ ისღა დარჩენიათ, ტაქტიკაზე იფიქრონ, რა ფორმით მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში.
„პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ქარტიის იდეის არსი ოთხ პუნქტამდე შეგვიძლია დავიყვანოთ:1. 2024 წლის არჩევნების შედეგად დაკომპლექტებული პარლამენტის ამოცანა იქნება მოამზადოს ქვეყანა რიგგარეშე არჩევნებისთვის, რომელიც ალბათ 2025 წელს უნდა ჩატარდეს;
· მთავრობა, რომელსაც ამ პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს ნდობა, დე ფაქტო, წარდგენილი იქნება პრეზიდენტის მიერ;
· მომდევნო საგაზაფხულო სესიაზე უნდა გატარდეს საკონონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები (კონკრეტულად რა, ეს პრეზიდენტმა თავად ჩამოთვალა);
· პრეზიდენტის იდეა არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც სხვა ფორმით გაერთიანებას. ეს პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ.
ქვეყნის პირველმა პირმა ოპოზიციას ფაქტობრივად გაუმზადა საარჩევნო პროგრამა. მათ ისღა დარჩენიათ ტაქტიკაზე იფიქრონ, რა ფორმით მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, როგორ გადაჯგუფდებიან ისე, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად აისახოს ქართველი ამომრჩევლის განწყობა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში“, – წერს ვახუშტი მენაბდე.