პრეზიდენტი: წარმოგიდგენთ გეგმას, ქართული ქარტია, პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას ვთავაზობ

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეკრებილებს მიმართა.
ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს. მან პარტიებს ერთგვარი სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია და მის გარშემო გაერთიანება შესთავაზა.
“თქვენ ახლა ყველა კონკრეტულ გეგმას ელოდებით და ახლა მე მევალება, ვთვლი, რომ მევალება და ვაცნობიერებ ასეთ პასუხისმგებლობას, რომ ვუპასუხო ამ დიდ მოლოდინს და ერთად დავსახოთ ეს გზა, რომელიც მიგვიყვანს, პირველ რიგში, ჩვენს თავთან, და ევროპაში, ამავდროულად.
ეს გზა არის არჩევნების გზა, 26 ოქტომბერს არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობიანად და მშვიდობით და სტაბილურობით. უნდა მივიდეთ ისევე მობილიზებულად და შემართებით, როგორც აქამდე და ამავე დროს, გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ ეს მშვიდობა და სტაბილურობა.
შეიძლება დღეს ბევრი ვერ ხედავდეს გამარჯვების ფორმულას, რომელ ძალას უნდა მიანდონ ეს მოლოდინები. ვიცი, რომ ბევრს წინასაარჩევნო დაპირებების არ თუ აღარ სჯერა. დიდწინლად პოლიტიკოსების ნდობა დაკარგულია. სწორედ იმიტომ და არავის ბრალია, მაგრამ იმიტომ, რომ გვაქვს ის წარსული, რაც გვაქვს. მიუხედავად ამისა, იმის დრო არაა, რომ მივეცეთ ნიჰილიზმს, ქიშპობას და ცალკეულ პოლიტიკურ ამბიციებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტე წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია, რომლის ირგვლივაც პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას. თანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის.
ამ ქარტიას ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზადაა, მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროს მომავალ პარლამენტში და ეს არ არის ჰაერში მოცემული პირობა”.
ზურაბიშვილის განცხადებით, თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ, ერთიან სიას არ გულისხმობს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქარტიაზე ხელმოწერის შემდეგ, პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა საარჩევნო სტრატეგია და ტაქტიკა ექნებათ.
“ამ ქარტიის შესრულებისა და ნდობის აღდგენისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა, ამისთვის საჭიროა სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა. სხვანაირი ერთობა და მე გეტყვით, რას ნიშნავს. ეს არის ერთობა, ერთიანობის გარეშე. ერთიანობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის. ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ. თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას, არც რამე სხვა ფორმით აუცილებელ პოლიტიკურ გაერთიანებებს. პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ იმის მერე, რაც ხელს მოაწერენ ამ ერთობლივ ქარტიას, საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა როგორი იქნება და სტრატეგია როგორი იქნება. ეს უკვე მე არ მეხება.
სხვანაირი არჩევნები, დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა და საარჩევნო გარემო არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩატარდება ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, რომ თავისი სახე, პროგრამა, თავისი მეობა წარმოაჩინოს. ვინაიდან ამ არჩევნებზე უნდა გადავწყვიტოთ არა ის, თუ ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის, თუ რას ვაძლევთ ხმას, სწორედ ამიტომ, ეს არჩევნები რეალურად იქნება სახალხო რეფერენდუმი, რომელზეც უნდა ვუპასუხოთ კითხვას, გვინდა თუ არა ევროპა. როცა ჩვენ ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმომწერ რომელიმე პარტიას, რეალურად, ხმას ვაძლევთ ქართულ ქარტიას და ე.ი. ევროპულ მომავალს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.