პრეზიდენტი ცესკოს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის თაობაზე.
ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია სულავამ განაცხადა.
მისი განცხადებით, ცესკოს დღევანდელი გადაწყვეტილება არანაირად არ პასუხობს ათასობით ემიგრანტის მოთხოვნას, გახსნილიყო საარჩევნო უბნები ევროპისა და აშშ-ს დიდ ქალაქებში.
კერძოდ, ცესკოს გადაწყვეტილებით საზღვარგარეთ 7 ქალაქში დამატებითი საარჩევნო უბნები გაიხსნება ისეთ ქალაქებში, სადაც საარჩევნო უბნები ისედაც იყო.
„ცესკოს დღევანდელ სხდომაზე ასევე იქნა განხილული საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი, თუმცა ეს არ დააკმაყოფილა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. აღსანიშნავია, რომ ათასობით ემიგრანტის მოთხოვნას, რომელიც გაგზავნილი იყო ცესკოში და საგარეო საქმეთა სამინისტროში, უარი ეთქვა და საგარეო საქმეთა სამინისტრო უარის მიზეზად ასახელებდა იმ გარემოებას, რომ საზღვარგარეთ უბნის გახსნა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში. უარის ერთ-ერთი მიზეზი ასევე იყო უსაფრთხოების საკითხი.
საქართველოს პრეზიდენტი არაერთხელ საქართველოში ევროპისა და აშშ-ს ელჩებს, მათ შორის, საფრანგეთის ელჩს და ელჩებისგან მიიღო სრული მხარდაჭერა დამატებითი უბნების გახსნასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ სტრასბურგში საქართველოს ათასობით მოქალაქე ცხოვრობს და სტრასბურგიდან საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება მინიმუმ 400 მოქალაქე და რაც მთავარია, სტრასბურგში არსებობს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, მოვუწოდებთ ცესკოს, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის თაობაზე და ამ გადაწყვეტილებით ხელი შეუწყოს ჩვენს ემიგრანტებს, შეუფერხებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება“, – განაცხადა ნათია სულავამ.
რატომ არ იხსნება საარჩევნო უბანი სტრასბურგში?
საქართველოს საარჩევნო კოდექსით, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ცესკო ქმნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, „არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის“. თუმცა, არსებული პრაქტიკით, საკონსულო აღრიცხვაზე დამდგარი მოქალაქეების რეგისტრაციის მისამართად განისაზღვრება არა მათი რეალური საცხოვრებლის, არამედ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების მისამართი.
მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგში არის ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის შენობა, რომელიც გამოიყენება საკონსულო მომსახურების გასაწევადაც, იქ უბანი არ იხსნება.
ცესკოში ამბობენ, რომ მოქმედებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწოდებული მონაცემების შესაბამისად. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ საარჩევნო უბნები იხსნება მხოლოდ იქ, სადაც მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვა ხორციელდება.
“ვინაიდან საფრანგეთში არის ერთი საკონსულო ოლქი, რომელშიც ასევე შედის სტრასბურგიც, საკონსულო აღრიცხვაზე მოქალაქეები დგებიან საელჩოში (პარიზში), მათ შორის სტრასბურგში მცხოვრებნიც“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით პასუხში, რომელიც “ნეტგაზეთმა” მიიღო.
ორი კვირის წინ სტრასბურგში მცხოვრებმა ქართველებმა სწორედ ამ შენობასთან გამართეს აქცია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თავად დაეხმარნენ ერთმანეთს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომაში და მათი ინფომაციით, საარჩევნო უბნის გახსნისთვის საჭირო მინიმალურ რაოდენობაზე, 50 ამომრჩეველზე რამდენჯერმე მეტი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს სტრასბურგში. სწორედ ამიტომ, ითხოვდნენ ხმის მიცემის შესაძლებლობას ამ შენობაში და არა პარიზში, სადაც ოფიციალურად იმყოფებიან აღრიცხვაზე.
სტრასბურგში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი, მარი კაიშაური “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ ელზასის რეგიონში [რომლის ცენტრია სტრასბურგი] საქართველოს მოქალაქეები ძირითადად სამკურნალოდ არიან ჩასული. მათ არც ფინანსური და არც ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყობთ ხელს, რომ ასობით კილომეტრი გაიარონ ხმის მისაცემად პარიზში ჩასასვლელად.
იმ შემთხვევაში, თუ უბანი სტრასბურგში არ გაიხსნება, სტრასბურგში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები გეგმავენ, ორგანიზებულად ჩავიდნენ პარიზში და იქ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. მარი კაიშაური მიმართავს თანამემამულეებს, შეძლებისდაგვარად დაეხმარონ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ადამიანების პარიზში ტრანსპორტირების უზრუნველყოფაში არჩევნების დღეს.