პრეზიდენტი შსს-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა

საქართველოს პრეზიდენტი, მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. პრეზიდენტი განცხადებს „ფეისბუკით“ ავრცელებს.
„მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველ ხელებით მოსულ ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა…
ნათლად ჩანს, რომ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, წესრიგს არაფერი ემუქრებოდა.
სირცხვილია შენ ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია, სირცხვილია სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს!“ – წერია პრეზიდენტის განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პოლიციამ „აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის“ დარღვევით დაიწყო თბილისში აქციის მონაწილეთა დაშლა. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული.
სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2024 წლის 30 აპრილს, 23.36 წუთზე გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და ამჟამადაც „აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი“.
დღეს, 30 აპრილს საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენით გაგრძელდა „აგენტების კანონის“ განხილვა, რამაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხალხმრავალი პროტესტი გამოიწვია. საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი კანონად გადაქცევის შემთხვევაში შეეწინააღმდეგება ქვეყნის ევროინტეგრაციას.

ასევე დაგაინტერესებთ