პრეზიდენტი: საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ – მოყვარე

საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა, 100-მა ჯარისკაცმა ფიცი დადო უმაღლესი მთავარსარდლის, პრეზიდენტ ს წინაშე. მასთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი , პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.
ზურაბიშვილმა ჯარისკაცების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ – მოყვარე. მისი თქმით, ევროპული პერსპექტივა არის დამოუკიდებლობის, სუვერენობის, იდენტობის, მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, მშვიდობისა და განვითარების გზა.
„დღეს ამუშავდა შავბნელი ძალები და ცდილობენ, ის ქვეყანა, რომელიც ვერ დააჩოქეს ვერც ეთნიკური კონფლიქტების გამოწვევით, ვერც ძმათა შორის დაპირისპირების გაჩაღებით, ვერც პირდაპირი ომით და ოკუპაციით ვერ დაიმორჩილეს, დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას.
მტერმა კარგად იცოდა და იცის, რომ საქართველოს სისუსტეს მხოლოდ საზოგადოებაში ბზარის გაჩენა იწვევს.
30 წელზე მეტია, რაც ეს ქვეყანა და მისი საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივ არის გაერთიანებული – ევროპული პერსპექტივა, როგორც ერთადერთი ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, იდენტობის, მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, მშვიდობისა და განვითარების გზა.
ამ 33 წლის მანძილზე არაერთი კრიზისი, ვნებათაღელვა, განსხვავებული პოლიტიკური მოძრაობები იყო, თუმცა ამ ერთ მიზანს აქამდე არავინ აყენებდა კითხვის ქვეშ.
საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ – მოყვარე. ვინ ცდილობდა ჩვენს განადგურებას და ვინ დაგვეხმარა, ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები“, – თქვა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
სალომე ზურაბიშვილმა ახსენა ის გამონათქვამები, რომლებსაც მმართველი პარტიის ლიდერები ანტიდასავლური გზავნილებისთვის იყენებენ. ამასთან, ზურაბიშვილმა გააკრიტიკა საქართველოს დასავლელი პარტნიორების „ომის პარტიად“ წარმოჩენა.
„საქართველოს ჯარმა იცის ყველაზე კარგად, რატომ ვიბრძოდით საერთაშორისო მისიებში, რამეთუ ჩვენი წვლილი და ღირსეული კონტრიბუცია შეგვეტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. რამდენი ჩვენი ჯარისკაცი ღირსეულად ემსხვერპლა ამ საკაცობრიო მიზანს, ტერორიზმთან ბრძოლას.
დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30-წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო ომის პარტიად, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურაში თუ კონფრონტაციაში, ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა.
ჩვენ და პირველ რიგში თქვენ, ყველამ კარგად ვიცით და არა მხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მაგალითზე, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის მოუსვენარი მტერი, ვინ ებრძოდა მე-19 საუკუნიდან დაწყებული ქართულ ენას, ვინ ებრძოდა გამუდმებით ქართულ ეკლესიას და სარწმუნოებას და ვინ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ყოველივე მცდელობას.
იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა მამაა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გამოსვლის ბოლო ნაწილში აღნიშნა, ვინც თესავს დაპირისპირებას და პროვოკაციას, ის საკუთარი ჯარის და სამშობლოს წინააღმდეგია.
„ვინ თუ არა ქართულმა ჯარმა იცის, ვინ ჩაგვიტარა წვრთნები, ვინ მიიღო ჩვენი სტუდენტები სხვადასხვა სამხედრო აკადემიებში, ვინ გაგვამხნევა, როცა გვიჭირდა და გვჭირდებოდა აღჭურვა და სხვა მრავალი რამ და დღესაც ვინ დგას ჩვენს გვერდში. სწორედ იმ დროს, როცა გზაგასაყარზეა და ყველაზე ეგზისტენციალური არჩევანი უნდა გააკეთოს, იყოს ან არ იყოს, რამეთუ თავისუფლების გარეშე ყოფნა არსებობა არაა.
ჩვენ ყველას გვევალება მოვძებნოთ გზა ერთიანობის, ვაჩვენოთ გამძლეობა, მხნეობა, შემართების და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი. ხოლო ვინც თესავს დაპირისპირებას და პროვოკაციას, ის საკუთარი ჯარის და სამშობლოს წინააღმდეგაც არის. ვინც ქადაგებს ერთობას, ის ქვეყნის მომავალზე, ახალგაზრდობაზე დებს ფსონს.
მინდა თქვენ მადლობა მოგახსენოთ წარსულისთვის და ხვალინდელი გამარჯვებისთვის. თქვენი და ჩვენი გამარჯვება არა ომზე, არამედ მშვიდობაზე გადის. მშვიდობიანი საქართველო მხოლოდ ევროპის წიაღში და თანასწორუფლებიან თანამეგობრობაში მოიაზრება. თქვენ ამ მომავლის სადარაჯოზე დგახართ“, – მიმართა უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედროებს.
პრეზიდენტის შემდეგ ტრიბუნა დაიკავა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ მიესალმა საქართველოს პრეზიდენტს, მის განცხადებებს კი „დღევანდელი დღისთვის შეუფერებელი“ უწოდა.
„ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის. კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.
გუშინ, 29 აპრილს, მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მიერ თბილისში, პარლამენტის წინ ორგანიზებულ აქციაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას „გლობალური ომის პარტია“ ებრძვის, რომლისთვისაც „საქართველოსაც და საც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს“ და სწორედ ამ ძალამ დააპირისპირა რუსეთთან ჯერ საქართველო, ხოლო შემდეგ – უკრაინა.
მოგვიანებით ევროპის ქვეყნებში მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტების გამართვის გამო მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ”, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო – სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტში საჭირო 100 ხმა ვერ მოაგროვა.

ასევე დაგაინტერესებთ