საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ არამხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „ევროოპტიმისტების“, „ახლის“, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრის დეტალები უცნობია. თუმცა შეხვედრა დროში ემთხვევა პარლამენტში ქალთა კვოტირების საკითხის დაჩქარებული წესით განხილვასა და ე.წ. აგენტების კანონის ხელახალ ინიციირებას.
ე.წ. აგენტების კანონის ხელახალი ინიციირების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ მმართველი პარტია საკუთარი გადაწყვეტილებით საბოტაჟს ეწევა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.
„’ოცნებამ’ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა – ევროპას უთხრა „არა“!.. ყველა შესაძლო საკითხზე, რაც განაპირობებს ჩვენს ხვალინდელ დღეს და მოლაპარაკებების გახსნას, ყველა ამ მიმართულებით უთხრა მკაფიო უარი…
„ოცნება“ არის დაკავებული ჩვენი ევროპული გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.