“გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს და გვიჩვენა ჩვენ, ყველას ძლიერად, მშვიდობიანად,დამაჯერებლად, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რომ არ დაუშვებს „რუსულ კანონს“. ეს არის და ეს, ამას ვერაფერი ვერ შეცვლის, ვერანაირი გათვლა თუ გადათვლა”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
“ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან, თუ რამდენი ადამიანი იყო. არაფერი დათვლა არ არის საჭირო. ყველას წინაშე წარსდგა ის საზოგადოება, რომელიც ნამდვილად ამზადებს ხვალინდელ დღეს. ხელისუფლებამ თავისი მხრიდან აჩვენა დაბნეულობა.
აჩვენა, რომ არ აქვს ამ რაოდენობის ხალხის წინაშე არანაირი სტრატეგია, თუ არა ის, რაც ასეთ ხელისუფლებას ახასიათებს, როცა უკვე მას ხალხის ნდობა აღარ აქვს“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
“გინდათ რამე შეცვალოთ ამ კანონში? – თქვენი ნებაა: ან გაიწვიეთ ან დააბრუნეთ პარლამენტში მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ ოპოზიციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რაღაც შენიშვნებს და ცვლილებებს შემოგთავაზებთ.
რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, უცებ გაახსენდათ პრეზიდენტი და მისი ვეტო. პრეზიდენტი, რომელსაც პრემიერმა მოღალატე ეძახა საკუთარი ჯარის წინაშე. ამაზე წარმოუდგენელი გადატრიალება არ ყოფილა. ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ „მოდით ახლა ვეტო წარმოგვიდგინეთ, შიგ რაღაცები ჩაწერეთ, თქვენ ვერ წერთ, მაგრამ სხვები დაგიწერენ, ან უცხოელები ან აქაური „ენჯეოები“, წარმოგვიდინეთ და შეიძლება დავფიქრდეთ“ – იფიქრეთ თქვენ და იყავით!. მე ნამდვილად წარმოვადგენ ვეტოს, მაგრამ არცერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და თამაშს არ დავიწყებ. რამეთუ ამას აქვს მხოლოდ ერთი მიზეზი და მიზანი – ეს არის რომ ხალხში გაუგებრობა და დაბნეულობა შემოიტანოს. გინდათ რამე შეცვალოთ ამ კანონში? – თქვენი ნებაა, ან გაიწვიეთ ან დააბრუნეთ პარლამენტში მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ ოპოზიციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რაღაც შენიშვნებს და ცვლილებებს შემოგთავაზებთ. ან მარტივად, თქვენ თვითონ გადაიტანეთ ამ კანონის ამოქმედების ვადა 1-ელი ნოემბრისთვის, არჩევნების შემდეგ ვინც მოვა ხელისუფლებაში ის გადაწყვეტს ეს კანონი რუსულია თუ რაღაც სხვა კანონების გადამღერება. ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ ამ თამაშში შევალ და ამ კანონს გავაპატიოსნებ. არა, ეს არის რუსული, დარჩება რუსული და თქვენც ამ კანონთან ერთად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.