გილოცავთ ყველას! ვულოცავ საქართველოს. არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც რწმენა, მიზანდასახულება, დაუზოგავი თავგანწირვა და გამარჯვების ჟინია, იქ გამარჯვებაცაა! გილოცავთ ყველას! ვულოცავ საქართველოს … არა მხოლოდ ვიგებთ, შევდივართ ევროპაში… შემართებით!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
30 ივნისს, მერვედფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.
როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.