პრეზიდენტი – ვიცი განცდები და ემოციები, გაურკვევლობა, შიშიც კი და აუტანელი, შემოპარული ფიქრი, რომ რისთვისაც ვიბრძოდით, დღეს ხელიდან ვითომდა გვეცლება, მაგრამ ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს! – დღეს თქვენით და ახალი თაობის შემართებით იბადება ახალი საქართველო

ჩემი წინაპრებისა და ქვეყნის წინაშე ჩემს ვალდებულებად მივიჩნევ ყველაფერი გავაკეთო, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მისი ევროპული მომავლისათვის. საქართევლოში ჩამოსვლამდე, ეს პირობა ჩემს თავს მივეცი და ჩამოსვლის პირველივე დღიდან სწორედ ეს მიზანი მამოძრავებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, „დღეს თქვენით და ახალი თაობის შემართებით იბადება ახალი საქართველო და წარმოიქმნება ახალი ენერგია“.
“ჩემი წინაპრებისა და ქვეყნის წინაშე ჩემს ვალდებულებად მივიჩნევ ყველაფერი გავაკეთო, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მისი ევროპული მომავლისათვის. საქართევლოში ჩამოსვლამდე ეს პირობა ჩემს თავს მივეცი და ჩამოსვლის პირველივე დღიდან სწორედ ეს მიზანი მამოძრავებს. ეს პირობა მოგეცით თქვენ, როდესაც კონსტიტუციაზე დავდე ფიცი და მინდა იცოდეთ, რომ არც ჩემს თავს, არც ჩემს ფიცს და არც ჩემს ხალხს არ ვუღალატებ. თქვენი ხმა მესმის და ვიცი თქვენი დღევანდელი განცდები და ემოციები. ვიცი რაღაც გარუკვევლობა, შიშიც კი და აუტანელი შემოპარული ფიქრი, რომ რისთვისაც აქამდე ყველა ერთად ვიბრძოდით, დღეს ხელიდან ვითომცდა გვეცლება, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს! არ დავუშვებთ! ჩვენ აქ ვართ ადამიამიანები ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანებული, ვისაც საქართველო დამოუკიდებლობამდე გვახსოვს და ვისაც სწამდა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის მიზანს მივაღწევდით და აქ ხართ ადამაინები, რომლებიც დამოუკიდებელი, თავისუფალ საქართველოში დაიბადეთ და ვერც წარმოგიდგენიათ სხვანაირი საქართველო, ვერ წარმოგიდგენიათ, სწორედ იმიტომ, რომ თავისუფალნი ხართ, დამოუკიდებელნი და ვერასდროს მონობას ვერ შეეგუებით. დღეს თქვენით და ახალი თაობის შემართებით იბადება ახალი საქართველო და წარმოიქმნება ახალი ენერგია. საქართველომ კიდევ ერთხელ, ისევე როგორც მრავალჯერ საკუთარ ისტორიაში თავისი ნამდვილი სახე გვაჩვენა. შიშის, შურის, სიძულვილის გარეშე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ