პრეზიდენტი ელჩებს: მნიშვნელოვანია, ხელისუფლებასთან ხაზი გაუსვათ მათ პასუხისმგებლობას

საქართველოს პრეზიდენტი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრაზე მან ელჩებს უთხრა, რომ ხელისუფლებასთან კომუნიკაციისას მნიშვნელოვანია, ხაზი გაუსვან მმართველი ძალის პასუხისმგებლობას პარტნიორებისა და მოსახლეობის მიმართ გამოყენებულ ძალადობრივ რიტორიკაზე.
“ადგილი აქვს პროვოკაციასა და ძალადობას კონსტიტუციაზე, რომელშიც, როგორც ყველასათვისაა ცნობილი, ძალიან ნათლადაა ნათქვამი რა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება და ორიენტაცია. სიტყვები, რომლებიც დღეს აზიის განვითარების ბანკის კონფერენციაზე მკაფიოდ არ მომისმენია. მოულოდნელად ისე ჩანს, თითქოს სხვა მიმართულება აქვს საქართველოს. ასე რომ, ესაა კონსტიტუციაზე ძალადობა.
ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ეს პასუხისმგებლობა დავინახოთ და ხელისუფლებასთან თქვენი კომუნიკაციისას ხაზი გაუსვათ მათ პასუხისმგებლობას განსაკუთრებით, პარტნიორებისა და მოსახლეობის მიმართ გამოყენებულ ძალადობრივ რიტორიკაზე. როცა ხელისუფლება ხარ, არ შეიძლება ამ ქვეყნის ახალგაზრდა თაობას სატანისტი და სხვა ეპითეტები უწოდო, რომლებსაც შემდეგ ხელისუფლებისა და პარლამენტის ქვედა რგოლები საკუთარი მოსახლეობის მიმართ იმეორებენ.
ეს ყველაფერი სტაბილურ გარემოს არ ქმნის. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ყველაფერი გავაკეთო, რათა სტაბილური გარემო, არჩევნებისკენ წასვლის შესაძლებლობა შევინარჩუნო, რაც ყველა იმ მიღებული კანონის შესწორების საშუალებას მოგვცემს, რომლებიც ჩვენს ევროინტეგრაციის გეგმებს არ შეესაბამება, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ნაკლებ პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი, უკეთ უნდა აღიქვას რა არის მოსახლეობის ზოგადი ნება”. – თქვა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ რუსული კანონის ხელახალი ინიცირება ხელისუფლების პროვოკაცია იყო და ახლაც მასზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები.
“მინდა ვთქვა, რომ პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რა ხდება დღეს, რა მოხდება ხვალ, ან ზეგ ქვეყნის ხელისუფლებას, ქვეყნის მთავრობას ეკისრება, რადგან ამ მოვლენათა ჯაჭვი მათ გამოიწვიეს.
ეს მოვლენები გამოიწვია იმან, რომ ხელისუფლებამ არსაიდან, ხელახლა სწორედ მაშინ წარადგინა ეს ძალიან პროვოკაციული „უცხო აგენტების“ კანონი და სხვა კანონები, როდესაც მთელი ქვეყანა ევროპული გზის ირგვლივ იყო გაერთიანებული, როდესაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, როდესაც ჩვენმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია მოიპოვა.
ამ კანონებს მე ერთი-მეორის მიყოლებით ვადებ ვეტოს, რადგან ისინი ეწინააღმდეგება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ჩვენ უნდა შევასრულოთ თუ გვინდა, რომ წლის ბოლომდე (ან უახლოეს პერიოდში) გავხსნათ მოლაპარაკებები. ასე რომ, ამის გაკეთება [ამ კანონის ხელახლა წარდგენა] თავისთავად პროვოკაცია იყო ევროკავშირის კარის გაღების ნახვით ბედნიერი საზოგადოების წინააღმდეგ. ასე რომ, ეს იყო საზოგადოებაზე ძალადობა. იმ საზოგადოებაზე, რომელიც ყოველთვის ხედავდა, რომ საუკეთესო თავდაცვა, ჩვენი უსაფრთხოების საუკეთესო გრძელვადიანი დაცვა და თავდაცვა ს ნებისმიერი იმპერიალისტური მცდელობებისგან – ევროკავშირია”. – თქვა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ელჩებს მათი ქვეყნების ხელისუფლებების მისამართით ქართული ოცნების მიერ გამოყენებული სიტყვების გამო ბოდიში მოუხადა და სთხოვა, რომ მაისის ბოლომდე ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები განხორციელდეს.
“მინდა გთხოვოთ და ეს გზავნილია თქვენი ხელისუფლებებისთვის – ის პერიოდი, რომელიც ახლა იწყება, ძალიან გადამწყვეტია, იქნება კანონის მესამე მოსმენა და ვფიქრობ, თარიღების არჩევის მეთოდიც ასევე, ცოტა პროვოკაციულია; ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აღდგომის პერიოდში ხდება, რომელიც წესით გაერთიანებისა და დეპოლარიზაციის პერიოდი უნდა იყოს, თუმცა პირიქითაა. ბატონი ივანიშვილის გამოსვლა ძალიან პროვოკაციული იყო, როგორც თქვენი, ასევე, ქართველი ხალხის მიმართ.
ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ჩვენ დაძაბულ ვითარებაში ვართ და თქვენც მნიშვნელოვანი როლი გაქვთ, რომ საქართველოს მოსახლეობას დაანახოთ სტაბილურობა, დაანახოთ, რომ საქართველო მარტო არაა, რომ საქართველო ევროინტეგრაციისკენ სვლას განაგრძობს.
ჩემი თხოვნა სწორედ ამ პერიოდში, მაისის ბოლომდე მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებაა, შემდეგ, ვიცი რომ ევროპელებისთვის სხვა პერიოდი იწყება – ევროპული საპარლამენტო არჩევნების”. – თქვა მან.
ზურაბიშვილის თქმით, ის აქციებში ჩართული არცერთი მოძრაობის ლიდერი არ არის, თუმცა, როგორც პრეზიდენტი, მხარს უჭერს ყველაფერს, რაც თანხვედრაშია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან.