სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეფასების საკუთარი ვერსია შესთავაზა და ერთგვარი ანტიკრიზისული გეგმა წარუდგინა. 18 ნოემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიგინგზე მან კიდევ ერთხელ გაიმეორა რომ არ ცნობს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმურად და ასევე აღნიშნა, რომ შექმნილი რთული ვითარება ზრდის ქვეყანაში დესტაბილიზაციის რისკებს.
პრეზიდენტი გამოსავალს ახალი არჩევნების ჩატარებაში ხედავს, იქამდე კი 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობს. სალომე ზურაბიშვილის იდეა გულისხმობს არსებული პარლამენტით, მთავრობით და პრეზიდენტით ქვეყნის მართვის გაგრძელებას.
„ქვეყანას ემუქრება სერიოზული საფრთხეები. ერთი ასეთია დესტაბილიზაცია. ეს შეიძლება მოჰყვეს ორხელისუფლებიანობას და პოლარიზაციის გაღრმავებას. პოლიტიკურ დესტაბილიზაციას შეიძლება მოჰყვეს გარე დესტაბილიზაცია. საფრთხე იზრდება, როცა ქვეყანა, პარტნიორებთან მჭიდრო ურთირთობების მაგივრად, ირჩევს იზოლაციას, რაც ახასიათებს დღევანდელ ხელისუფელბას. როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, არ მაქვს უფლება, ეს დავუშვა. ამას არ დავუშვებ.
ამიტომ, გამოსავლის გზა უნდა მოვძებნოთ ერთად, შევთავაზოთ საზოგადოებას, პოლიტიკურ ძალებს, პარტნიორებს. ეს უნდა მოისმინოს ხელისუფლებამაც” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის გეგმით, უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები უმოკლეს ვადაში, თუმცა გარკვეული დათქმებით.
“ვადა დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე. ერთია, საერთაშორისო გამოძიება… საერთაშორისო მხარდაჭერით უნდა შევძლოთ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება ეუთო-ოდირის მოთხივნებით და დამატებით უცხოეთში უბნების გახსნის პროცედურების გამართვით და საარჩევნო დავების სპეციალური სასამართლოს შექმნით.
ასევე, უნდა გაგრძელდეს 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობა – რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს – არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები” – თქვა პრეზიდენტმა და იქვე აღნიშნა, რომ საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს შეუგუებლობა და პროტესტი.
” თქვენი პროტესტოს გარეშე ჩემი ძალისხმევა არაფერი არ იქნება. პოლიტიკურად ძალიან მწიფე პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი გეგმის ნაწილია სამართლებრივი ბრძოლაც – პრეზიდენტი 19 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართავს სარჩელით, რადგან თვლის რომ ჩატარებულ არჩევნებში არ იყო დაცული კონსტიტუციით გარანტირებული ორი უფლება, ხმის ფარულობა და საყოველთაობა.