პოლონეთში 19 წლის გოგოსთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის გამო საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში 19 წლის გოგოსთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პოლიცია ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.
პოლონეთის პოლიციის განცხადების თანახმად, მამაკაცებმა ქალი ქალაქ სკერნევიცეში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლიდან ძალის გამოყენებით გაიტაცეს. პოლიციამ ქალი სკერნევიცედან 180 კილომეტრში, ქალაქ ვერუშუვში აღმოაჩინა.
საქართველოს მოქალაქე მამაკაცებს თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთა ემუქრებათ.
პოლონეთის პოლიცია აღნიშნავს, რომ პარასკევს, 1-ელ დეკემბერს, 43 წლის საქართველოს მოქალაქე ქალმა სკერნევიცეს პოლიციას შეატყობინა, რომ მისი 19 წლის ქალიშვილი სამმა ქართველმა გაიტაცა. ამას ქალაქ ვერუშუვში ერთ-ერთ ბინაში სამი ქართველი მამაკაცის დაპატიმრება მოყვა. 38, 37 და 33 წლის მამაკაცები სკერნევიცეში გადაიყვანეს.
პოლიცია აღნიშნავს, რომ გათავისუფლებული ქალი სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებდა, მაგრამ შეშინებული იყო.
აღნიშნულია, რომ 19 წლის გოგო პოლიციის მიერ გატაცების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 5 საათის შემდეგ იპოვეს.