პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 24 ნოემბერს ისრაელის ელჩი გამოიძახა სოციალურ ქსელში ისრაელის “იად ვაშემის” ჰოლოკოსტის მემორიალის მიერ გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პოლონეთი იყო პირველი ქვეყანა, სადაც ებრაელებს მეორე მსოფლიო ომის დროს გამორჩეული სიმბოლოს ტარება აიძულეს.
მუზეუმის მიერ 23 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტში 1939 წლის ანტისემიტური ბრძანების წლისთავი აღინიშნა, თუმცა არ იყო ნახსენები, რომ პოლონეთი იმ დროს ნაცისტური გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული, რამაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ შიკორსკის, მძაფრი რეაქცია გამოიწვია.
პოლონეთის ხელისუფლების მკაცრი პროტესტის მიუხედავად, „შეცდომაში შემყვანი პუბლიკაცია არ შესწორებულა“, – დაწერა შიკორსკიმ X-ზე.
„გადავწყვიტე ისრაელის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოვიძახო“, – დაწერა მან ინგლისურად.
ტექსტში არ არის ნათქვამი, რომ ებრაელებს დავითის ვარსკვლავის სიმბოლოს ტარება პოლონეთმა დააკისრა, მაგრამ მემორიალი არაერთხელ გააკრიტიკეს არაზუსტების გამო.
პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა კი ივარაუდა, რომ ეს „შესაძლოა შეცდომა კი არა, განზრახ ქმედება იყო“.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაცეი ვევიორმაც გამოთქვა შეშფოთება განზრახული ქმედების გამო, იმის გათვალისწინებით, რომ „იად ვაშემი” მალე გერმანიაში ფილიალის გახსნას გეგმავს“.
„ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ამ ცრუ და ისტორიულად არაზუსტ ინფორმაციას ამასთან არაფერი აქვს საერთო“, – დასძინა მან და მიანიშნა, რომ “იად ვაშემი” ნაცისტური გერმანიის პასუხისმგებლობის დაკნინებას შეეცადა.
ასევე X-ზე, ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პოლონეთში დაარსებული საკონცენტრაციო ბანაკის – ოსვენციმის მემორიალმა დაწერა, რომ „სწორედ გერმანიამ შემოიღო და აღასრულა ეს ანტისემიტური კანონი“. ოსვენციმის ბანაკში 1940-1945 წლებში მილიონი ევროპელი ებრაელი დაიღუპა.
კრიტიკის პასუხად, “იად ვაშემის ხელმძღვანელმა”, დანი დაიანმა, X-ზე დაწერა: „პოლონეთი მართლაც გერმანიის ოკუპაციის ქვეშ იყო”. „ეს ნათლად აისახება ჩვენს მასალებში. ნებისმიერი სხვა ინტერპრეტაცია არასწორად განმარტავს ჩვენს ვალდებულებას სიზუსტის მიმართ“.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ტექსტში ნათქვამია, რომ „1939 წლის 23 ნოემბერს გენერალგუბერნატორმა, ჰანს ფრანკმა, გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც 10 წლის და უფროსი ასაკის ყველა ებრაელს უნდა ეტარებინა 10 სმ სიგანის თეთრი ქსოვილის სამკლავური, რომელზეც მარჯვენა ხელზე დავითის ლურჯი ვარსკვლავი იყო გამოსახული“.
„გენერალ-საგუბერნატორო” იყო ნაცისტური ადმინისტრაცია ოკუპირებულ პოლონეთში.
ფრანკი, რომელსაც „პოლონეთის ჯალათად“ მოიხსენიება ხოლმე, ნიურნბერგის სასამართლო პროცესმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და ის 1946 წელს ჩამოახრჩვეს.
ფორუმი




