პოლონეთმა მოქმედების ნებართვა შეუწყვიტა ამ ქვეყანაში რუსეთის ბოლო საკონსულოს, რომელიც ჩრდილოეთის სანავსადგურო ქალაქ გდანსკშია განთავსებული. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა ოთხშაბათს, სეიმში სიტყვით გამოსვლისას.
სიკორსკიმ საკონსულოს დახურვას უწოდა პასუხი ვარშავა-ლუბლინის
რკინიგზის ლიანდაგის დაზიანებაზე, რომელიც გამოძიებამ პოლონეთში დივერსიის აქტად შეაფასა. ერთი დღით ადრე, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილები, უკრაინის მოქალაქეები, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ. მოსკოვმა ბრალდებები უარყო.
გდანსკში საკონსულოს დახურვის შემდეგ, პოლონეთში დარჩება მხოლოდ ერთი რუსული დიპლომატიური წარმომადგენლობა – ვარშავაში მდებარე საელჩო. თუმცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, ქვეყანაში რამდენიმე საკონსულო მოქმედებდა.
სიკორსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკონსულოს დახურვა არ იქნება პოლონეთის ხელისუფლების ერთადერთი პასუხი დივერსიაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი „შეამცირებს პოლონეთის დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობას ქვეყანაში“. მოსკოვში არსებული საელჩოს გარდა, რუსეთში პოლონეთს მოქმედი საკონსულო აქვს ირკუტსკშიც.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ვარშავიდან ლუბლინამდე და შემდგომ უკრაინის საზღვრამდე რკინიგზის ხაზზე მომხდარი აფეთქება „საბოტაჟის უპრეცედენტო აქტით“ იყო გამოწვეული და პირობა დადო, რომ იპოვის დამნაშავეებს, „იმის მიუხედავად, თუ ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი“.
კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა სამშაბათს გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ „რუსეთს ადანაშაულებენ მიმდინარე ჰიბრიდული და პირდაპირი ომის ყველა გამოვლინებაში“. „სრულიად უცნაური იქნებოდა, თუ პირველ რიგში რუსეთს არ დაადანაშაულებდნენ“, – მოჰყავს პესკოვის სიტყვები „ინტერფაქსს“.
ფორუმი




