13 სექტემბერს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს, დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ორი F-16 თვითმფრინავი აფრინდა საჰაერო პატრულირების მისიისთვის, რათა რუსეთის მიერ უკრაინის დუნაის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შემდეგ, მონიტორინგი გაეწია უკრაინასთან საზღვართან საჰაერო სიტუაციისთვის.
„F-16-ებმა ეროვნულ საჰაერო სივრცეში აღმოაჩინეს და თვალყური ადევნეს უპილოტო საფრენ აპარატს. უპილოტო საფრენი აპარატის მონიტორინგი ჩილია ვეჩედან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 20 კმ-ის რადიუსამდე გაგრძელდა, სანამ რადართან კონტაქტი არ გაწყდა. საფრენ აპარატს დასახლებულ ტერიტორიებზე არ გადაუფრინა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა“, – ნათქვამია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, დრონის შესაძლო ჩამოვარდნილო ნაწილების ძებნა საზღვრისპირა ტერიტორიაზე გრძელდება, „თუმცა ამ მომენტისთვის არსებული ყველა ინფორმაცია მიუთითებს, რომ დრონი უკრაინის საჰაერო სივრცეში გავიდა“.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოიუ ოანამ რუსეთის ქმედებები „მიუღებელი და დაუფიქრებელი“ უწოდა.
„რუმინეთი გმობს რუსეთის საქციელს და იღებს აუცილებელ ზომებს საკუთარი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად“, – დაწერა ოანამ X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაცემებით, დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზე შეიჭრა და ნატოს საჰაერო სივრცეში დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.
„რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა ზუსტად იციან, სად მიემართებიან მათი დრონები და რამდენ ხანს შეუძლიათ ჰაერში დარჩენა. მარშრუტები ყოველთვის გათვლილია. ეს არ შეიძლება იყოს შემთხვევითობა, შეცდომა ან ზოგიერთი დაბალი რანგის მეთაურის ინიციატივა. ეს არის ომის განზრახ გაფართოება რუსეთის მიერ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამავდროულად, უკრაინაში დრონებით თავდასხმების განახლებული საფრთხის გამო, პოლონეთის საჰაერო სივრცის დასაცავად იმავე დღეს განლაგდნენ პოლონეთის და მისი მოკავშირე ნატოს თვითმფრინავები. ხელისუფლებამ დროებით დახურა აღმოსავლეთ პოლონეთში მდებარე ლუბლინის აეროპორტი. სამი დღით ადრე, პოლონეთმა რუსული დრონის ჩამოგდების შესახებ განაცხადა.
ნატომ პირობა დადო, რომ გააძლიერებს თავდაცვას აღმოსავლეთ ფლანგზე.

 
				 
								
 
								

