პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა 7 ივლისს შვებით ისაუბრა საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე, რომელთა თანახმადაც ულტრამემარჯვენე ძალებმა მკაფიო მარცხი განიცადეს.
“პარიზის ენთუზიაზმი, მოსკოვის იმედგაცრუება, კიევის შვება. ეს საკმარისია საიმისოდ, რომ ვარშავაში ბედნიერები ვიყოთ” – წერს ტუსკი პლატფორმაზე X.
წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის არჩევნებზე პირველ ადგილზე გავიდა მემარცხენე ალიანსი “ახალი სახალხო ფრონტი”, რომელსაც მოსდევს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული კოალიცია. მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე “ეროვნული გაერთიანება” კი მესამე ადგილზეა – რაც გაცილებით ცუდი შედეგია, ვიდრე მოელოდნენ.
ტუსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრი შარშან გახდა, მას შემდეგ, რაც მისმა სამოქალაქო პლატფორმამ დაამარცხა ნაციონალისტური და კონსერვატიული ორიენტაციის პარტია “კანონი და სამართალი”.