პოლონეთის მთავრობამ ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების ხელმძღვანელები დაითხოვა, ტელევიზიის შენობაში ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ, მობილიზებულია პოლიცია
პოლონეთის კულტურის სამინისტრომ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოს და საინფორმაციო სააგენტოს PAP-ის ხელმძღვანელობის დათხოვნის შესახებ განაცხადა. ამასთან, გაითიშა 24-საათიანი საინფორმაციო არხი TVP INFO, რომელსაც პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალ ტუსკის პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“ ყოფილი მმართველი პარტიის მხარდამჭერ პროპაგანდაში ადანაშაულებდა.
სამშაბათს, ახალმა პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ყველა სახელმწიფო ორგანოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები სანდო ინფორმაციაზე მოქალაქეთა წვდომისა და საზოგადოებრივი მედიის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
პოლონეთის ეროვნული სამაუწყებლო საბჭოს თავმჯდომარე მაჩეი სვირსკი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მედიასაშუალებების ხელმძღვანელების გათავისუფლება არაკანონიერია.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ოფისში ყოფილი მმართველი პარტიის „კანონისა და სამართლიანობის“ პოლიტიკოსები მივიდნენ, მათ შორის პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი. მისი განცხადებით, ისინი ტელევიზიაში „დემოკრატიის დასაცავად“ იმყოფებიან. შენობაში იმყოფებიან სამართალდამცველებიც.
