პოლონეთი სხვადასხვა დანაშაულისთვის ბოლო ხანს დაკავებული უცხოელების, მათ შორის ქართველების დეპორტაციას მარტში დაიწყებს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ბევრი დაკავების შემდეგ დეპორტაციის დრო დადგა.
პოლონეთის რადიოსადგურ RMF24-ის ინფორმაციით, ტუსკის განცხადებას წინ უძღოდა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიღებული ანგარიში, რომელიც უცხოელების კრიმინალური ჯგუფების საწინააღმდეგო მოქმედებებს ეხებოდა.
2025 წლის დასაწყისიდან პოლონეთში სხვადასხვა დანაშულში ეჭვმიტანილია 2616 უცხოელი. დანაშაულთა ჩამონათვალშია ქურდობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, თაღლითობა და ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა.
2024 წელს პოლონეთის პოლიციამ 16 437 უცხოელი დააკავა. კანონის დამრღვევთა შორის პირველ სამეულში იყვნენ უკრაინელები, ქართველები და ბელარუსები.
ამასთან, თუ უკრაინის მოქალაქეების მიერ პოლონეთში ყველაზე ხშირად ჩადენილი დანაშაული ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვაა(2943 შემთხვევა), მეორე ადგილზე ქურდობაა(930), ხოლო მესამეზე – თაღლითობა (461), საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში პირველ ადგილზე ქურდობაა(472), მეორე ადგილზე – ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა(334) და მესამეზე – ნარკოტიკების შენახვა(200).
პოლონეთის პოლიციის სტატისტიკით, ბელარუსის მოქალაქეთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა შორის პირველ ადგილზეა ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა, რომელსაც მოსდევს ქურდობა და ქრთამი.
