პოლიციის მანქანაში სექსუალურად მავიწროვებდნენ, მთელი გზა მუხლებზე დამაყენეს – დაკავებული დემონსტრანტი

19 ნოემბერს საპროტესტო დემონსტრაციაზე დაკავებული მოქალაქე, ნათია ძიძიგური ამბობს, რომ დაკავების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა იგი სექსუალურად შეავიწროვეს, შეურაცხმყოფელად მიმართავდნენ და წინასწარი დაკავების იზოლატორამდე მანქანაში მუხლებზე დამდგარი ატარეს.
„ძალიან მოულოდნელად დამაკავეს. ვიმყოფებოდი ტროტუარზე და დავინახე დაკავების მანქანაში მიათრევდნენ ერთ-ერთ ბიჭს, რეზი დუმბაძეს. თმებში ექაჩებოდნენ და 10 პოლიციელი კისერში ექაჩებოდა“, – იხსენებს ის, რა მოხდა დაკავებამდე.
„ეს როცა დავინახე, მივედი ერთ-ერთ პოლიციელთან და ვუთხარი, ნუ აკავებთ-მეთქი. ერთ-ერთი პოლიციელი, ვინც დაკავებამდე ჩემი მისამართით აგრესიულად გამოირჩეოდა, როგორც კი დამინახა, გადმოვიდა გინებაზე. მაგინებდა და ისე ჩამსვა დაკავების მანქანაში“, – თქვა ნათია ძიძიგურმა 23 ნოემბერს „ფორმულას“ ეთერში, გადაცემა „მე-17 სართულში“.
„მანქანაში პოლიციელები მავიწროებდნენ სექსუალურად. ისინი ძალიან დამამცირებელი ჟესტებით მიმითითებდნენ და მომმართავდნენ“, – ამბობს იგი.
„მუხლებზე დამაყენეს, ძირს მანქანაზე, არადა უკანა სავარძელზე მხოლოდ ერთი პოლიციელი იჯდა და მათ ვთხოვდი, რომ სავარძელზე დავესვი, თუმცა არ აკეთებდნენ“, – თქვა მან.
„მივმართავდი, თუ შეიძლება დამსვით სავარძელზე, უსაფრთხოების წესების დარღვევით გადავაადგილებით-მეთქი, მაგრამ რეპლიკები მოდიოდა, „ღვედი ხომ არ გაგიკეთო“, „ახლა გავაჩერებთ და დაგსვამთ“…მთელი გზის განმავლობაში მე მუხლებზე ვიდექი და ისე გადავყავდით“, – აცხადებს ნათია ძიძიგური.
ის ამბობს, რომ შეუძლია ამ პოლიციელების იდენტიფიცირება. ამასთან, დემონსტრანტი ამბობს, რომ სხვა პირმა დააკავა, ოქმში კი სხვისი სახელი მიუთითეს:
„განყოფილებაში ოქმი რომ შემიდგინეს, დამკავებელ პირებში ჩაწერეს პატრულ-ინსპექტორი ქალის სახელი, – მე კი სინამდვილეში დამაკავა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. შემიძლია მისი იდენტიფიცირება… ჯერ ჩემი სასამართლო არ ყოფილა და უკვე ცრუ მოწმე დამიყენეს, თითქოს სხვამ დამაკავა“, – ამბობს ძიძიგური.
19 ნოემბერს, დილით, პოლიციამ ვაკეში მიმდინარე აქცია დაშალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროს 16 ადამიანი დააკავეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია დემონსტრანტებს 17 ნოემბრიდან ჰქონდათ გადაკეტილი.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.
ფორუმი