ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და “ქართული ოცნების” დონორების სამშენებლო კომპანია “ანაგი” ჯარისა და პოლიციის ქალაქებს აშენებს, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი, რა კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევიან პროექტების ბენეფიციარები და შესაბამისად, მიიღებენ ბინებს.
ფლანგვის დეტექტორმა აღნიშნული კითხვებით მიმართა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს. თავდაცვის სამინისტროს ჩვენთვის ჯერჯერობით არ უპასუხია და ასევე, არ იძებნება საჯაროდ დადგენილი არც ერთი კრიტერიუმი. შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის არ არსებობს კონკრეტული დადგენილი კრიტერიუმები.
“პოლიციის ქალაქის სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, ბინების განაწილებისთვის კონკრეტული კრიტერიუმების დადგენის მიზნით, მიმდინარეობს განხილვისა და შემუშავების პროცესი.” – გვიპასუხა ძალოვანმა უწყებამ.
ჯარისა და პოლიციის ქალაქების პროექტების ჯამური სავარაუდო ღირებულება 268,942,396 მილიონი ლარია. შპს “ანაგი”-მ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში გაიმარჯვა – ერთში მოწინააღმდეგის დისკვალიფიკაციის ხარჯზე, მეორეში კი უკონკურენტოდ.
ჯარის ქალაქი
2024 წლის სექტემბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თბილისში, ხუდადოვის ქ. N173-ს მიმდებარედ (მახათას მთა) არსებულ მიწის ნაკვეთზე “ჯარის ქალაქის” განაშენიანების დეტალური გეგმის, სამშენებლო სამუშაოებისა და თანმდევი საპროექტო მომსახურების შესაძენად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
“პოლიციის ქალაქის” სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, ბინების
მხოლოდ ორი პრეტენდენტი ჰყავდა, შპს ანაგი და შპს მაქრო ქონსთრაქშენი. მიუხედავად იმისა, რომ შპს მაქრო ქონსთრაქშენს გაცილებით ნაკლები თანხა (133,180,700) ჰქონდა შეთავაზებული შემსყიდველისთვის, ვიდრე შპს ანაგს (143,979,136), გამარჯვებული სწორედ ეს უკანასკნელი გახდა. ამის მიზეზად კი შპს მაქრო ქონსთრაქშენის დისკვალიფიკაცია დასახელდა, თუმცა შემსყიდველს განმარტება არ გაუკეთებია, კონკრეტულად რა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მოხდა კომპანიის დისკვალიფიკაცია.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს ანაგს შორის ხელშეკრულება 2024 წლის ნოემბერში გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, შპს ანაგმა უნდა მოამზადოს საპროექტო დოკუმენტაცია და შეასრულოს სამშენებლო სამუშაოები. შპს ანაგი ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ 143,979,136 ლარს მიიღებს, საიდანაც 1,425,536 ლარი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების საფასურია.
ამავე ხელშეკრულების მიხედვით, მშენებლობა 34 თვეში, 2029 წლამდე უნდა დასრულდეს.
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები კვადრატულ მეტრში 100 ამერიკულ დოლარს გადაიხდიან და ასევე, შიდა უპროცენტო განვადებით ისარგებლებენ.
მისივე ცნობით, “ბინები გადანაწილდება სულადობის პრინციპით” და ამ კრიტერიუმის შესაბამისად, სამხედროები ან 50, ან 80 და ან 110 კვ.მ ფართობის ბინებს მიიღებენ. “ჯარის ქალაქში” ჯამურად 43 მრავალბინიანი კორპუსის აშენება იგეგმება.
გარდა პრემიერმინისტრის მიერ გაჟღერებული “სულადობის პრინციპისა”, უცნობია, რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ის ჯარისკაცები, რომლებიც “ჯარის ქალაქში” აშენებულ ბინებს მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ “ჯარის ქალაქის” პირველი ფაზის მშენებლობა “დელტა მშენებელმა” უტენდეროდ განახორციელა. 2021 წელს BM.ge-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების ჯამური თანხა 22,400,000 მილიონი ლარი იყო.
პოლიციის ქალაქი
ჯარის ქალაქის მშენებლობის მეორე ფაზის დაანონსებამდე დაახლოებით ორი წლით ადრე, 2022 წლის აპრილში, მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა, რომ პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე 1,000 ბინაზე გათვლილი “პოლიციის ქალაქი” აშენდება, სადაც პოლიციელები ბინებს მთავრობის მიერ სუბსიდირებულ თანხად, კვადრატულ მეტრს 100 დოლარად შეიძენდნენ.
2022 წლის ნოემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა სახელმწიფო შესყიდვა, რომლის ფარგლებშიც პოლიტკოვსკაიას ქუჩის N69-ში 1,100-ბინიანი პოლიციის ქალაქის მშენებლობის მომსახურების შესყიდვა სურდათ.
აღნიშნულ 124,963,260-ლარიან ტენდერში სრულიად უკონკურენტოდ გაიმარჯვა შპს “ანაგი”-მ.
ხელშეკრულების პროექტის მიხედვით, 124,963,260 ლარიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების წილი მაქსიმუმ 23,800,000 ლარი იქნება.
“სახელშეკრულებო ღირებულებიდან არაუმეტეს 23 280 000 ლარის გადახდა განხორციელდება შს სამინისტროს თანამშრომლების კუთვნილი წილიდან (ხელშეკრულების 8.11 პუნქტის შესაბამისად შექმნილი ანგარიშიდან) ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში.” – წერია ხელშეკრულებაში.
ხელშეკრულების ვადა 2026 წლის აპრილამდე განისაზღვრა და დროის ამ მონაკვეთში შპს “ანაგი”-ს “პოლიციის ქალაქის მშენებლობის მიზნით ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების სადემონტაჟო სამუშაოები, საჭირო განაშენიანების დეტალური გეგმის, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადება და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების წარმოება” დაევალა.
პროექტის დეტალების მიხედვით, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე “პოლიციის ქალაქში” ჯამში 7 კორპუსი აშენდება, რომელშიც 1,100 ცალი 65-75 მ2 ფართობის ბინები იქნება განთავსებული. დოკუმენტების მიხედვით, ყველა ბინა უნდა მოიცავდეს ერთ აივანს, ერთ სველ წერტილს, სათავსოსა და საძინებელ სივრცეებს.
ამ დრომდე, არც პრემიერს და არც შინაგან საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებიათ, რა იქნება ის პირობები, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიდან 1,100 შეირჩევა და სიმბოლურ ფასად ბინები გადაეცემათ.
შპს ანაგი
შპს ანაგი ა(ა)იპ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ერთ-ერთი წევრი კომპანიაა და 2011 წლიდან აქტიურად იღებს მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვებში. 2011-2024 წლებში კომპანიამ საერთო ჯამში 71 ელ.ტენდერში მიიღო მონაწილეობა, აქედან 32 შემთხვევაში გაიმარჯვა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო რაოდენობა 1,215,018,959 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2024 წელს კომპანიასთან 251,770,394 ლარის ხელშეკრულებები გაფორმდა. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია ისიც, რომ შპს ანაგი ძალიან ხშირად ელ.ტენდერებს უკონკურენტო გარემოში იგებს. მაგალითად იმ 32 შემთხვევიდან, როდესაც შესყიდვის ხელშეკრულება შპს ანაგთან გაფორმდა, 20 შემთხვევაში კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია. უკონკურენტო გარემოში ჩატარებული სახელმწიფო შესყიდვები კი თავის მხრივ ზრდის კორუფციის რისკებს.
ერთ-ერთი სახელმწიფო შესყიდვა, რომელსაც “ფლანგვის დეტექტორი” იკვლევდა ბათუმის ყინულის მოედანს უკავშირდება. შპს ანაგმა შპს აჭარის პროექტების მართვის კომპანიის ტენდერში 2024 წლის მარტში უკონკურენტოდ გაიმარჯვა და მასთან 53,943,489 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. კომპანია, რომელიც შპს ანაგის შესრულებულ სამუშაოს ზედამხედველობას უწევს და სამუშაოების ხარისხს ამოწმებს, ანაგის ბიზნესპარტნიორია, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს მის ობიექტურობასთან დაკავშირებით.
საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის თანახმად, კომპანიის ახლანდელი დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ნანა აროშიძე, თუმცა ახლა მის წილს ზაზა გოგოტიშვილი მართავს.
კომპანიის დირექტორი, ირაკლი გოგოლიშვილი, ქართული ოცნების შემომწირველია. მან მმართველ პარტიას 2023 წლის დეკემბერში 60,000 ლარი შესწირა. გარდა ირაკლი გოგოლიშვილისა, ქართული ოცნებისთვის 110,000 ლარი აქვს შეწირული შპს ანაგი ქონსთრაქშენის დირექტორს, დავით ანდღულაძესაც, ანაგი ქონსთრაქშენის 100%-იანი წილის მფლობელი ზაზა გოგოტიშვილია.
შპს ანაგი ქონსთრაქშენი 50%-იან წილს ფლობს შპს ანაგი ინფრა ქონსტრაქშენში. აღნიშნული კომპანიის დირექტორები კი ასევე მმართველი პარტიის შემომწირველები არიან. გიორგი მიხანაშვილმა ქართულ ოცნებას 60,000 ლარი შესწირა, გიორგი ჯულუხიძემ კი 20,000.
წყაროები:
· პოლიციის ქალაქის ტენდერი – NAT220022714
· ჯარის ქალაქის ტენდერი – NAT240018696
flangva.ge