აქციის მონაწილის ნასროლმა ქვამ დაზიანება მომაყენა შუბლის, ცხვირისა და ლოყის არეში, – ამის შესახებ პოლიციელმა საბა ნაბახტეველმა განაცხადა, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე ჩვენებას აძლევს.
ნაბახტეველს საქმეზე დაზარალებულის სტატუსი აქვს.
მისი თქმით, აქცია თავდაპირველად მშვიდობიანი იყო, შემდეგ კი მომიტინგეები აგრესიულები გახდნენ.
„თანამშრომელმა მიმიყვანა სასწრაფო დახმარებამდე, შემდეგ კლინიკაში გადამიყვანეს… პოლიციის მიმართ ჰქონდათ აგრესია. ისროდნენ საგნებს, ბოთლებს, რომელშიც მოთავსებული იყო ქვები, კვერცხები და სხვადასხვა მძიმე საგნები.
მე გამაჩნია პრეტენზია იმ ადამიანის მიმართ, ვინც მესროლა ქვა და დამაზარალა“, – განაცხადა ნაბახტეველმა.
ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის კითხვაზე, პოლიციელების მხრიდან თუ ესმოდა მას შეურაცხმყოფელი ფრაზები, ნაბახტეველმა უპასუხა, – „არა, რა თქმა უნდა“.
ნაბახტეველს ამ წუთებში დაცვის მხარე უსვამს კითხვებს.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
