პოლიციელი, რომელმაც სტუდენტს თმაზე მოქაჩა, შს მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრს ახალი პირველი მოადგილე ჰყავს – როინ მესხი. ეს სწორედ ის პოლიციელია, რომელმაც სამი დღის წინ, 21 აპრილს, პარლამენტის წინ 20 წლის სტუდენტ გოგოს თმაზე მოქაჩა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეობიდან მინისტრის მოადგილეობამდე მისი დაწინაურების ამბავი უწყებამ დღეს გაავრცელა. მანამდე “ნეტგაზეთი” რამდენჯერმე დაუკავშირდა როგორც -ს, ისე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმის გადასამოწმებლად, დაიწყო თუ არა გამოძიება მის მიერ მოქალაქისთვის თმის მოქაჩვის გამო, ან ამ ფაქტის რამენაირი შესწავლა. თუმცა ვერც ერთი უწყებისგან ზუსტი პასუხის მიღება ვერ მოვახერხეთ.
როლანდ მესხმა აღდგომის ორშაბათს, თმაზე მოქაჩა 20 წლის სტუდენტს, ნატა ჭიოკიძეს. კადრებში ჩანს, რომ პოლიციელი ქალს უკნიდან ეპარება, თმაზე ქაჩავს და ძალის გამოყენებით ცდილობს გადაადგილებაში ხელი შეუშალოს.
როგორც ნატა ჭიოკიძე ჰყვება, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა პოლიციელებმა პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტების დაშლა დაიწყეს. მან დაინახა, რომ პოლიციელმა კოლეგას ანიშნა, დაეკავებინათ ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც მასთან ერთად იდგა ტროტუარზე. გოგონა ამ კაცს არ იცნობდა, მაგრამ გადაწყვიტა მისულიყო და გაეფრთხილებინა.
“როდესაც დაიწყეს აქციის დაშლა და ქალების გადაყვანა ტროტუარის მეორე მხარეს, მე გადმოვედი აქეთ, მუზეუმის მხარეს. დავინახე, როგორ ანიშნა, რომ დაეკავებინათ ეს კაცი და ვიფიქრე, გავარიდებდი, ვიდრე პოლიცია მოვიდოდა და დააკავებდა. ეს კაციც ტროტუარზე იდგა ჩემთან ერთად […] ვიდრე ამას ვცდილობდი, თმაში მწვდა 20 წლის გოგონას ეს კაცი [პოლიციელი]”, – ამბობს ნატა ჭიოკიძე TV პირველთან საუბრისას.
თავად პოლიციელმა, რომელმაც მოქალაქეს თმაზე მოქაჩა, საკუთარი საქციელი ახსნა როგორც “გარიდება”. TV პირველის კითხვაზე, ფიზიკური ძალადობა არის თუ არა გარიდება, მან უპასუხა – “იმიტომ, რომ თვითონაც ძალადობდა ფიზიკურად”.
შსს-ს ინფორმაციით, როლანდ მესხი პოლიციის პოლკოვნიკია და საპოლიციო საქმიანობის მიმართულებით 20- წლიანი სამუშაო სტაჟი აქვს.
· ორმაგი სტანდარტი? – პოლიციელმა 20 წლის გოგოს თმაზე მოქაჩა, თუმცა გამოძიება არ იწყება