4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა პროევროპული აქციებისას დაკავებულ 19 წლის საბა ჯიქიას. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
18 წლის სტუდენტი საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს.
პროკურატურა მას 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის ფეხის ჩარტყმას ედავებოდა.
საქმეში დაზარალებულად იყო ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გდდ-ის თანამშრომელი ბექა გოტიაშვილი, რომელიც ამბობდა, რომ დაზიანება არ მიუღია.
საბა ჯიქია წარდგენილ ბრალს პროცესის არცერთ ეტაპზე არ აღიარებდა.
10 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მან საბოლოო სიტყვა წარმოთქვა:
“უღრმესი მადლობა თანადგომისთვის, ჩემთვის ბევრს ნიშნავს, მოტივაციაა იმის შეგრძნება, რომ მარტო არ ვარ… ვხედავ, როგორ ცდილობენ იძალადონ ჩვენზე, ჩაახშონ თავისუფალი აზრი… (აღარ ისმის – რ.თ.) შინაგანი შიში მაინც მაწუხებს, მე მეშინია დამარცხების, რადგან არ მინდა, მომავალმა თაობებმა ამ მარცხის გამო გამკიცხონ. არ მინდა, ჩემი და მომავალი თაობა დიქტატურაში და უსამართლობაში გაიზარდოს… 4-დან 7-წლამდე მიწევს ციხეში წასვლა, ახალგაზრდული წლების იქ გატარება…მაგრამ ახალი ოჯახი შევიძინე… ძალიან მაგარი ბავშვები გავიცანი, ბიჭები… გავიგე თავისუფლების ფასი და რაც მთავარია შვილიშვილებისთვის მაგარი ისტორია მექნება მოსაყოლი… ისტორიის სწორ მხარეს ვდგავარ. მზად ვარ, მხნედ ვარ და არ მსიამივნებს რომ თქვენს თავლებზე ცრემლებს ვხედავ, გაიღიმეთ ჩემთან ერთად… მადლობა, რომ მომეცით საშუალება, სამშობლოსთვის დამემტკიცებინა სიყვარული და მებრძოლა იდეისთვის”.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გახდა ცნობილი, რომ საბა ჯიქიას საქმის პროკურორი თამარ იაკობიძე შვებულებაშია და ის გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დაესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა არც მოსამართლეს.
გადაწყვეტილების გამოცხადებას თამარ იაკობიძის ნაცვლად დაესწრო პროკურორი როინ ხინთიბიძე.
სხდომის დაწყებამდე საბა ჯიქიას ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ამბობდა, რომ პროკურატურის მთავარი მტკიცებულება – ვიდეო, უკანონოდ იყო მოპოვებული. არ დაკითხულა არც ის გამომძიებელი, რომელმაც ვიდეო მოიპოვა და არც ის პირი, ვინც ეს ვიდეო ექსპერტიზაზე გაგზავნა:
“შესაბამისად, ვიდეოს წარმომავლობა სასამართლოსთვის დაუდგენელია და თუ ამ ვიდეოზე დაყრდნობით მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, იგივე ლოგიკით, ნებისმიერი შეუძლია დააკავოს”, – ამბობდა გუჯა ავსაჯანიშვილი.
10 ივლისს გამართულ სხდომაზე მოსამართლემ უპასუხა ადვოკატის პრეტენზიასაც. არ დაეთანხმა ადვოკატს, რადგან მას არ მიიჩნია, რომ დარღვეულია ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გამოკვლევის წესი. თქვა, რომ ვიდეოს მომპოვებლები არა, მაგრამ გამომძიებელი დაიკითხა და დაადასტურა ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც ჩატარდა.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება პროევროპული აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით. პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ არ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
პოლიციამ დააკავა 500-მდე ადამიანი, მათ შორის 50-მდე სისხლის სამართლის წესით. თუმცა გამოძიების დაწყებიდან თითქმის შვიდი თვის თავზე, არცერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის მონაწილეებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე იძალადეს, არც გამოვლენილი და არც დასჯილი არაა.
ფორუმი
