„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაური კვლავ პატიმრობაში რჩება.
ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე პატრულ-ინსპექტორებმა და გამომძიებელმა მისცეს ჩვენება. ასევე, გადაისინჯა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.
პროკურორი თამარ იაკობიძე აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის კვლავ ძალაში დარჩენას ითხოვდა, ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე კი აცხადებდა, რომ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა.
სიტყვით ისარგებლა ანატოლი გიგაურმა და აღნიშნა: „ჩემს ბრძოლას ბოლომდე მივიყვან, ვერც ეღირსებით, რომ საქართველოდან წავიდე, ბრძოლას ბოლომდე მივიყვან“.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
