ოთხ დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ პოლიტიკური პარტიების – „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი-დროას“, ახალის“ – ოფისებსა და ასევე აქტივისტური ჯგუფის წარმომადგენლების სახლში.
შსს-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ პარტია „ახალის“ ოფისში, „ბესიკის ბიზნესცენტრში“ და ჩხრეკა ჩაატარეს.
პარტიის დამფუძნებელი ნიკა გვარამია პოლიციელებს ეკითხებოდა, რის საფუძველზე იყვნენ შესულები, თუმცა პასუხი არ მიუღია. პოლიციელებმა 15:45 საათისთვის დატოვეს ოფისი.
პოლიციელები ამ წუთებში [16:20 საათი] შესულები არიან „დროასა“ და „გირჩის“ საერთო ოფისში ფიქრის გორაზე, ლუარსაბ შარაშიძის ქუჩაზე.
ელენე ხოშტარია პოლიციელებს უხსნის, რომ ინვენტარის ნაწილი რაც ოფისშია – პუფები, გენერატორები – აქციისათვის სჭირდებათ, რათა „ბიძინა ივანიშვილს უთხრან, რომ არის რუსეთის მონა“.
„საერთოდ ყველაფერი წაიღონ, ხელახლა ვიყიდით“ – თქვა ხოშტარიამ, რაზეც პოლიციელმა უპასუხა: „და საიდან გაქვთ ამდენი ფული, ქალბატონო ელენე?“
„თქვენ არ ინერვიულოთ, გროვდება, ბევრი გროვდება“ – პასუხობს ელენე ხოშტარია.
პოლიციელები არიან ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ოფისში [16:20]. ადგილზე იმყოფება პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
ჩხრეკა კიდევ ჩატარდა ჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლში.
ასევე, ამავე ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან, ნენსი ვოლანდთანაც. „ვაქტიურობ და ალბათ, ვეჩხირები თვალში“, – ამბობს ის.
მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების პარალელურად, „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „ოფისებში შემალული მდიდარი NGO-ების ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას“.
აქციები მე-7 დღეა გრძელდება.