„აშკარაა, რომ დემონსტრანტების დაკავება არის უსაფუძვლო და წარმოადგენს სტუდენტურ პროტესტთან რეპრესიული და უკანონო ბრძოლის კიდევ ერთ გამოვლინებას“, – ასე ეხმაურება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სამი სტუდენტის დაკავებას.
„პოლიციის თანამშრომლებს შევახსენებთ, რომ ადამიანების უკანონო დაკავება დანაშაულია“, – წერს საია.
საქართველოს ეროვნულო უნივერსიტეტის (სეუ-ს) სტუდენტები მე-5 დღეა ღამეს პარლამენტის წინ ათევენ.
მანამდე ისინი 62 დღის განმავლობაში პროტესტს სეუს #304 აუდოტორიაში გამოხატავდნენ დემონსტრაციებისას დაკავებული სტუდენტის, ირაკლი მიმინოშვილის და სხვა დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად.
„სტუდენტებისთვის სკამების ან პროტესტის გამოხატვის უზრუნველყოფისთვის საჭირო სხვა ინვენტარის/დროებითი კონსტრუქციების გამოყენების აკრძალვა შეკრების თავისუფლების დარღვევას წარმოადგენს. მით უმეტეს, გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი ინვენტარის გარეშე სტუდენტებს ცივ და წვიმიან ამინდში, ღია ცის ქვეშ, სველ ზედაპირებზე უწევთ ღამეების თენება, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს“, – აცხადებს საია.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელებმა დღეს საღამოს, 21 მარტს დააკავეს სამი ადამიანი – ორი სტუდენტი გოგო და ერთი ახალგაზრდა ბიჭი.
როგორც ადგილიდან რადიო თავისუფლების რეპორტიორი იუწყება, მათ სურდათ, პარლამენტთან რომ შეკრებილებისთვის მიეტანათ პლასტმასის სკამები, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, შემდეგ კი დააკავა.
დააკავეს ასევე ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც, გოგოების დაკავების შემდეგ, პოლიციელებს ტაშს უკრავდა.
სეუ-ს სტუდენტები, თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია ხელწერილით გაათავისუფლეს.
ილიაუნის სტუდენტი ლუკა გოგია კი კვლავ დაკავებულია.
პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა მოგვიანებით კვლავ გადაიკეტა.
ფორუმი
