პოლიტიკური რყევები ბიზნესის განვითარებისათვის შემაფერხებელი ნაკლებად იქნება – ეკონომისტი

„ინვესტიციები, მათ შორის უცხოური ეს არ არის „ციური მანანა“, რომელმაც რადიკალურად უნდა შეცვალოს არსებული მდგომარეობა,“ – ამის შესახებ რადიოგადაცემაში „საქმე“ ეკონომისტმა და სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ეკონომიკურ ზრდაში მონაწილეობს, როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი ინვესტიცია, რომელსაც შედარებით ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ“.
„საზოგადოებაში არსებული თვითშენახვის, გადარჩენის ინსტიქტისა და საერთაშორისო ძალისხმევის გამოცდილებით არ უნდა ვიყოთ აპოკალიპტური მომავლის მოლოდინში, პირიქით ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი, რომ განვითარდეთ. ამით წინ უნდა წავიწიოთ ჩვენი ისტორიული მისიის შესრულებაში, რაც იმ ჩამორჩენის დაძლევას გულისხმობს, რომელიც საქართველოს ათეული წლების განმავლობაში ქონდა. როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების და ბიზნესის რაციონალური ქცევა არის ფაქტორი იმისა, რომ განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას ქონდეს ადგილი. 90-იან წლებში მწარე გამოცდილებამ და შემდგომ პერიოდში დაშვებულმა შეცდომებმა გვაჩვენა, რომ უნდა ვისწავლოთ რაციონალური ქმედებები, ისევე როგორც ამასა აკეთებენ ბრიტანეთში, გერმანიასა თუ სხვა ქვეყნებში.
ბიზნესმა უნდა მოახდინოს თავისი წარმოების დივერსიფიცირება, არ უნდა ქონდეს აქცენტი მხოლოდ ერთ მიმართულებაზე და ერთ სფეროზე, უნდა იყოს ორიენტირებული ინოვაციებზე, სიახლეებზე, რაც არის მიღწეული მოცემულ დარგში, სადაც ის საქმიანობს, ამასთან არ დაელოდოს უკვე მიღწეულ წარმატებას, პირიქით ნოვაციისკენ უნდა ქონდეს მიდრეკილება და ამ სიახლეებისკენ მუდმივად სწრაფვის რეჟიმი უნდა იყოს იმის პირობა, რომ ბიზნესი ყოველთვის იქნება წარმატებული.
ჩვენს ეკონომიკაში უნდა ვისწავლოთ ახალი იდეების, ცოდნის, ტექნოლოგიების სწრაფად გამოყენება რაც უკვე მიღწეულია, როგორც ჩვენი მეცნიერების ისე გლობალური მაშტაბით.
„როდესაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე ვსაუბრობთ, ხაზგასასმელია, რომ საქართველომ განსაკუთრებულ წარმატებას ყურძნის, ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის მხრივ მიაღწია, ამ მაჩვენებელმა ნახევარ მილიარდიან ზღვარს გადაჭარბა და დაახლოებით ერთი მეოთხედით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიზრუნოთ, რომ გაფართოვდეს ვენახების ფართობები, უნდა წავიდეთ მეცნიერულ ტევადი წარმოების მხრივ. ინოვაციებისა და კრეატიულობისკენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული. ამ შემთხვევაში ის პოლიტიკური რყევები რაც ქვეყანაშია, ასევე ის მოვლენები, რაც დედაქალაქის მთავარ გამზირზე ხდება, არ იქნება მეტისმეტად დამთრგუნველი ან შემაფერხებელი ბიზნესის განვითარებისათვის.
ინვესტიციები, მათ შორის უცხოური ეს არ არის „ციური მანანა“, რომელმაც რადიკალურად უნდა შეცვალოს არსებული მდგომარეობა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეკონომიკურ ზრდაში მონაწილეობს, როგორც უცხოური ისე ადგილობრივი ინვესტიცია, რომელსაც შედარებით ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ., ასევე მონაწილეობს ფულადი ტრანზაქციები უცხოეთიდან და კრეატიულობა და გამოცდილება რაც დაგროვილი აქვს ადგილობრივ ბიზნეს თავისი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ურთიერთობების ხარჯზე,“ – აღნიშნა სოსო არჩვაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან მოყოლებული დედაქალაქში ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები. ამის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე არ აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას და მათ საბიუჯეტო დახმარებაზეც უარს ამბობს.
წყარო: bpn.ge