გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი ანტიკორუფციულ ბიუროში შეხვედრაზე იმყოფებოდა.
სოციალურ ქსელში მან დაწერა, რომ შეხვედრაზე ბიუროსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის უარყოფით მოსაზრებაზე ისაუბრა – რომელზე დაყრდნობითაც განაცხადა, რომ რუსული კანონის მსგავსი კანონების ფონზე, ევროკავშირში საქართველოს შესვლა ილუზიაა.
“ასევე განვიხილეთ ევროკავშირი. გავიხსენე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის უარყოფითი მოსაზრება „უცხოელი აგენტის“ ტიპის კანონებთან დაკავშირებით. როგორც მეგობარმა, გავაფრთხილე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ილუზიებთან დაკავშირებით. ევროკავშირის საბჭომ 2024 წლის ივნისიდან სინანულით დაასკვნა, რომ საქართველო ბევრად ასცდა კურსს”, – წერს ფიშერი.
გერმანიის ელჩი X-ზე ასევე წერს, რომ ბიუროში შეხვედრის განხილვის მორიგიი საკითხი ე.წ. FARA-ს კანონი იყო.
“ანტიკორუფციული ბიურო დამპირდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოეპყრობიან FARA-ს კანონის ფარგლებში საქართველოში მომუშავე 13 გერმანულ ორგანიზაციას, რომლებიც გერმანიის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, გერმანია-საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებს ექვემდებარება და აუცილებელია ჩვენი ფართო და ღრმა კავშირების პრაქტიკული განხორციელებისთვის. ჩვენ გვსურს, რომ ისინი ამისგან გათავისუფლდნენ”, – წერს ფიშერი.