უნგრეთი აბსოლუტურად დაინტერესებულია რუსეთთან თანამშრომლობის განვითარებით ისეთ სფეროებში, რომლებიც საერთაშორისო სანქციებს არ ექვემდებარება, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ რუსებთან, რუსეთის მთავრობასთან, რადგან ჩვენ გვაქვს მკაფიო სტრატეგია და პოზიცია, ეს არასდროს დაგვიმალავს და ყოველთვის ღიად ვსაუბრობდით ამაზე : იმ სფეროებში, რომლებსაც სანქციები არ ეხება, აბსოლუტურად დაინტერესებული ვართ თანამშრომლობის გაფართოებით“, – აღნიშნა სიიარტომ.
მისივე თქმით, დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანია მშვიდობის მისაღწევად.
„თუ შეწყვეტთ კომუნიკაციას, მშვიდობის იმედს კარგავთ და ეს არის ის, რაც ჩვენ ნამდვილად არ გვინდა“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.