პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეა მოთავსებული.
კობახიძესთან ერთად, კლინიკაში იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი.
ამ დროისთვის, მედიასთან კომენტარი არ გაკეთებულა.
კადრებს “ტვ პირველი” ავრცელებს.
შეგახსენებთ, 7 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიების თანახმად, 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თორნიკე რიჟვაძე სტუმრად იმყოფებოდა საგარეჯოში, თავისი მეგობრის ალექსი ახვლედიანის სახლში. 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, რიჟვაძემ მალულად აიღო ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
საქართველოს პროკურატურამ ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე წარუდგინა ბრალი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდებულს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს, ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.