აფხაზმა პოლიტიკოსმა, ბადრა გუნბამ, ოთხშაბათს, რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტიდან, “რომელიც ქართულ-აფხაზური ომის დასრულების შემდეგ არ ფუნქციონირებს, უახლოეს მომავალში საცდელი ფრენა განხორციელდება”.
“მთელი ომის შემდგომი წლების განმავლობაში, ჩვენ არ გვქონდა მოქმედი აეროპორტი. იყო ბევრი მცდელობა ამ პროექტის განხორციელების. მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით მოახერხა ამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. 2,5 წელი ვიყავი ამ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის საკოორდინაციო შტაბის თავმჯდომარე. ბევრი რამ გავაკეთეთ, წარმატებებს მივაღწიეთ და პირველი საცდელი ფრენა მალე განხორციელდება”,- განაცხადა გუნბამ.
სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე 1993 წლიდან დაკეტილია, არ არის სერტიფიცირებული სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (ICAO), რომელიც აფხაზეთს აღიარებს საქართველოს შემადგენელ ნაწილად, არ აქვს მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. რამდენიმე წლის წინ, როდესაც სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე დაიწყო საუბარი აფხაზურმა მხარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, აცხადებდნენ, რომ “ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას”.
“რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, აფხაზეთში აეროპორტის აღდგენა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი. თუმცა იცვლება დრო, ტურიზმი კი დამატებითი სტიმული ხდება. სოხუმის აეროპორტისთვის, სავარაუდოდ, რუსეთის აეროპორტის კოდი იქნება გამოყენებული”, –ამბობდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მაშინდელი პრეზიდენტი ასლან ბჟანია ქართული მხარის საპასუხოდ.