“პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ბიზნესთან სწრაფად შეხვედრა” – რატომ გადაჰყავთ მგზავრები კვლავ ძველი სტანდარტით?

საქალაქთაშორისო მგზავრთ გადაყვანის სისტემაში არსებული ხარვეზები ვერც საკანონმდებლო ცვლილებებმა მოაგვარა, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა მთავრობის პირობებში მუშავდებოდა. კანონი, რომელიც პარლამენტმა გასული წლის ნოემბერში მიიღო, ძალაში 1-ელი მარტიდან შევიდა. როგორც ცნობილია, ამ დრომდე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უნდა შეემუშავებინა მგზავრთ გადამყვანებისთვის სანებართვო პირობები, ხოლო ავტოსადგურებისთვის ლიცენზირების წესი, თუმცა კანონქვემდებარე აქტების არ არსებობის გამო კანონი ვერ მუშაობს.
„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია bm.ge-სთან ამბობს, რომ ამ მიმართულებით პროცესები დასაჩქარებელია, რადგან ბიზნესს კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს, რისთვისაც მზად უნდა იყოს. ამასთან, იზორიას განმარტებით, კანონში შესულმა ცვლილებებმა ბაზარზე არსებული ხარვეზების გამოსწორება უნდა შეძლოს, შესაბამისად, დრო არ იცდის და კანონქვემდებარე აქტები დროულად უნდა შემუშავდეს.
“ახალი რეგლამენტით მოცემული არის სამი კატეგორიის ავტოსადგურის არსებობა, მათ შორის სამივე კატეგორიას აქვს მოთხოვნები რაც რეალურად ძალაში ჯერ არ შესულა, ამიტომ მგზავრთა გადაყვანა ისევ ძველი სტანდარტით ხორციელდება, რაც ძალიან ცუდია. მესმის, რომ ეს არის 2 წლიანი პროექტი, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არის ძალიან ბევრი კომპონენტი, მაგალითად ავტოსადგურების დიზაინის შემუშავება, გარკვეული დროის მიცემა გადამზიდავებისთვის, რომლებმაც უნდა დააკმაყოფილონ პირობები. მოაწყონ გაჩერებები, მოხდეს ელექტრონული ბილეთების სისტემის შექმნა, სადაც მოსახლეობა და ტურისტები შეძლებენ ელექტრონულად ბილეთების შეძენას. ასევე გარკვეული მოთხოვნები არის შშმ პირების მიმართულებით, ავტოსადგურებზე უნდა მოეწყოს შესაბამისი ბაქნები, რომ მოახერხოს ამ ხალხმა ტრანსპორტში ასვლა”, – ამბობს ირაკლი იზორია.
ირაკლი იზორიას თქმით, სახელმწიფომ უნდა დაიწყოს აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან და მუნიციპალიტეტებთან, ამის შემდეგ კი დროულად უნდა გამოაცხადოს კონკურსი ავტოსადგურების დიზაინზე.
“ძალიან ბევრი არარეგისტრირებული გადამზიდავია, ჩვენ ვიცით, რომ ლიცენზირებული ავტოსადგურების პარალელურად გახსნილი არის 10-15 ავტოსადგური, შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს ოფისი, თუმცა ფუნქციონირებს. ასევე არიან ისევ ე.წ ხიშნიკები, ადამიანები, რომლებიც მგზავრებს ართმევენ ავტოსადგურებს, არ ვიცით ეს გადამზიდავები რა სტანდარტებით ახორციელებენ მგზავრთგადაყვანებს. ამიტომ ჩემი აზრით, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ბიზნესთან სწრაფად შეხვედრა. ალბათ სწრაფად უნდა დავიწყოთ კატეგორიზაციაზე ფიქრი, ეს არის მარტივი, დიზაინი უნდა შეიქმნას, კონკურსი უნდა გამოცხადდეს. აუცილებელია ბიზნესთან კონსულტაცია და აზრების გაცვლა”, – აცხადებს „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია.
ცნობისთვის, გასული წლის ნოემბერში „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონს ავტოსადგურთან დაკავშირებული სპეციალური მუხლები დაემატა, რომლებიც ავტოსადგურის კლასებსა და მათ სერტიფიცირებას განსაზღვრავენ.

ასევე დაგაინტერესებთ