დღეიდან, პირველი მაისიდან აღდგება ავიამიმოსვლა აფხაზეთთან, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის წინ აფხაზეთის ომის გამო — შეწყდა. პირველი რეისი დღეს ავიაკომპანია “ЮВТ АЭРО” [UVT Aero]-ს მიერ, მარშრუტით ვნუკოვო – სოხუმი შესრულდება. მეორე რეისი – 3 მაისს, ხოლო ამის შემდეგ — კვირაში ერთხელ. ინფორმაციას რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.
„6 მაისიდან ავიაკომპანია «Икар» დაიწყებს ფრენებს ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმში, ფრენის სიხშირე იქნება კვირაში ერთხელ. ასევე მუშავდება ფრენების შესაძლებლობა «Икар»-ის მიერ უფადან — 3 ივნისიდან და «Северный ветер»-ის მიერ ყაზანიდან — 4 ივნისიდან,“ — ნათქვამია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.
ორივე ავიაკომპანია ევროკავშირის მიერ სანქცირებულია და მათ ეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე ფრენა. ევროკავშირმა UVT Aero და „Икар“ 2022 წელს დაამატა EU Air Safety List-ში, რაც ნიშნავს, რომ კომპანიებს ეკრძალება ევროკავშირის ტერიტორიაზე ფრენა.
სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი აფხაზეთის ომის შემდეგ არ ფუნქციონირებს. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) აღიარების გარეშე, აფხაზეთის ტერიტორიიდან საერთაშორისო ფრენების განხორციელება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ნორმებთან. თუმცა რუსეთის აქტიური ჩართულობითა და მსხვილი ინვესტიციით აეროპორტი მუშაობას ანახლებს. საცდელი რეისი უკვე განხორციელდა – თებერვლის დასაწყისში სოხუმის აეროპორტმა 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველი რეისი მიიღო მოსკოვიდან.
სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციას რუსული კომპანია „ინფრასტრუქტურული განვითარება“ ახორციელებს. 2023 წლის 27 ოქტომბერს აფხაზეთის მთავრობამ მასთან საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. ამ შეთანხმების მიხედვით, როგორც სოხუმი ირწმუნება, აფხაზეთის საკუთრებაში რჩება აეროდრომი, აეროდრომის ინფრასტრუქტურა და ისტორიული ტერმინალი. ასევე შენარჩუნდება ორმაგი დანიშნულების ობიექტის სტატუსი და აეროპორტის სახელწოდება.
