პირველად, 30 წლის განმავლობაში, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყველა წევრმა ხმა მისცა თამბაქოს კონტროლის საწინააღმდეგოდ, ეს არის აბსურდის თეატრი – გიორგი ბახტურიძე

პირველად, 30 წლის განმავლობაში, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყველა წევრმა ხმა მისცა თამბაქოს კონტროლის საწინააღმდეგოდ, ეს არის აბსურდის თეატრი – გიორგი ბახტურიძე
როგორ ხორციელდება საქართველოში თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა და რა შედეგების მიღწევა გახდა შესაძლებელი. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ ისაუბრა.
გიორგი ბახტურიძის თქმით, აშ-ში გასულ საუკუნეში ჩატარებულმა ეკონომიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ თამბაქოს ბიზნესის გადასახადებიდან შემოსული თანხები გაცილებით ნაკლებია, იმ თანხებთან შედარებით, რასაც სახელმწიფო თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ ხარჯავს. როგორც მან აღნიშნა, სწორედ ეს გახდა მთავარი მოტივაცია, რომ თამბაქოსთან დაკავშირებით რეგულაციები დაწესებულიყო.
გიორგი ბახტურიძის განცხადებით, საქართველოში ამ მხრივ სიტუაციის შეფასება საერთაშორისო ექსპერტების მიერ 2018 წელს მოხდა და მოხდა დათვლა იმ ზიანისა, რაც ეკონომიკას და მოსახლეობას ადგება თამბაქოს გამო.
„პირდაპირი ზარალი არის წელიწადში 1.5 მილიარდი ლარი, ეს გახლავთ თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ გადახდილი თანხები. ამის გარდა არის არაპირდაპირი ზარალიც, რაშიც იგულისხმება ის, რომ თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების გამო ადამიანებმა ვერ შეძლეს მუშაობა და დოვლათის შექმნა, და ეს ზარალი დაახლოებით 8 მილიარდი ლარია. ყოველწლიურად თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებით 11 ათასი ადამიანი გვეღუპება, რომ წარმოვიდგინოთ ვიზუალურად, ქალაქ ბორჯომის მოსახლეობის რაოდენობა გვეღუპება თამბაქოს მოხმარების გამო,“- აღნიშნა ბახტურიძემ. მისი თქმით, არ არსებობს პროდუქტი, რომელსაც იმ ოდენობის ზიანი მოქონდეს როგორც ჯანმრთელობისთვის ისე ეკონომიკისთვის, როგორც თამბაქოს.რაც შეეხება თამბაქოს ბიზნესიდან ბიუჯეტში შესულ თანხებს, როგორც ბახტურიძემ აღნიშნა, ეს დაახლოებით 900 მილიონია, მაშინ როდესაც ზარალი 10-ჯერ მეტია.
„ქვეყანაში სახელმწიფოებრივი აზროვნების დიდი დეფიციტია, ამის გამოა, რომ თამბაქო ინდუსტრია შედის გარიგებაში ჩინოვნიკებთან, პარლამენტისა თუ მთავრობის წევრებთან და ახდენს საზოგადოებრივი ინტერესების სანაცვლოდ, კონკრეტული ბიზნეს ინტერესების გატარებას.“- განაცხადა ბახტურიძემ. მისი თქმით, ამას ემსახურებოდა პარლამენტის მიერ თამბაქოს ნედლეულზე აქციზის შემცირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც. ბახტურიძის თქმით, 2016 წლიდან მოზარდების თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა 18%-დან 12%-მდე შემცირდა, აღნიშნული გადაწყვეტილება კი ამ მაჩვენებლის კვლავ გაზრდის რისკს ქმნის.
ბახტურიძემ კონკრეტულ ბიზნესინტერესებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოში არსებულ თამბაქოს ერთადერთი საწარმოს „თბილისის თამბაქოს“ ფინანსური ინტერესებს უკავშირდება.
„პირველი პრეცედენტი მოხდა 30 წლის განმავლობაში, როდესაც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყველა წევრმა ხმა მისცა თამბაქოს კონტროლის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. ეს არის აბსურდის თეატრი და ნონსენსი,“ – განაცხადა ბახტურიძემ.
რაც შეეხება გამოსავალს, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყანას თანმიმდევრული პოლიტიკა უნდა ჰქონდეს თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით და შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს იმ კონვენციებთან და შეთანხმებებთან, რომელიც ცივილიზებულმა სამყარომ თამბაქოსთან დაკავშირებით მიიღო.