პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში – ბოლო 10 წლის მიმოხილვა

კვლევითი ორგანიზაცია Gnomon Wise საქართველოში 10 წლის განმავლობაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმოხილვას აქვეყნებს.
კვლევით დოკუმენტს „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი) აკადემიურ თუ პოლიტიკურ წრეებში აქტიური განხილვის თემას წარმოადგენს. სწორედ მასზეა დამოკიდებული ქვეყნის გრძელვადიანი და სტაბილური ეკონომიკური განვითარება.
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები როგორც არასტაბილურობით, ისე არასახარბიელო მაჩვენებლებით ხასიათდებოდა.
გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (მლრდ. დოლარი) და მისი ფარდობა მშპ-სთან, 2014-2023 წლები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. ავტორის გამოთვლები
ნომინალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დათვლა არამართებულია, რადგან, დროთა განმავლობაში, ეკონომიკის ზომა იზრდება და ყოველ ჯერზე მეტი ინვესტიცია ხდება საჭირო იმისთვის, რომ წინა წლის ანალოგიური ეფექტი მივიღოთ. ამიტომ, ინვესტიციების აკადემიურად და სტატისტიკურად დათვლის ყველაზე გამართული მეთოდი, მისი ეკონომიკასთან ფარდობაა. 10 წლის განმავლობაში, საშუალოდ, ეს მაჩვენებელი 8% იყო, თუმცა 2023 წელს მკვეთრად შემცირდა და 5%-ზე ჩამოვიდა.
ნომინალში ინვესტიციების კლება 2024 წელსაც გაგრძელდა, თუმცა, ვინაიდან მთლიანი შიდა პროდუქტის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ჯერ საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა, მათი ფარდობის დათვლა და წინა წლებთან შედარება შეუძლებელია. იქიდან გამომდინარე, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა საშუალოდ 7.8% იყო, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 64.4%-ით შემცირდა, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკასთან მიმართებითაც ძალიან მძიმე ვითარებაა და მოცემული მაჩვენებელი კიდევ უფრო ნაკლები შეიძლება იყოს, ვიდრე 2023 წელს.
რაც შეეხება ინვესტიციების წყაროს 2014-2023 წლებში, მათი უდიდესი ნაწილი დასავლური იყო. კერძოდ, ევროპის კავშირის ქვეყნებმა, აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოში, ჯამში, 9 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია გააკეთეს, რაც მთლიანი მაჩვენებლის 59% იყო. აქედან, ყველაზე დიდი წილი ევროპის კავშირის ქვეყნებს ეკავათ. აღსანიშნავია ისიც, რომ დან და ჩინეთიდან შემოსული ინვესტიციების წილი მხოლოდ 7%-ია.
დიაგრამა 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილობრივი მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით, 2014-2023 წლები (დაჯამებული)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. ავტორის გამოთვლები
რაც შეეხება 2024 წლის I კვარტალის მონაცემებს, ინვესტიციების კუთხით თურქეთი (21%) და ჩეხეთი (21%) ლიდერობენ. პირველ ათეულში რუსეთი საერთოდ ვერ მოხვდა, ხოლო ჩინეთის წილი მხოლოდ 7% იყო.
სექტორული თვალსაზრისით, ყველაზე მეტად პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, საფინანსო სექტორი და ენერგეტიკის სექტორი იზიდავს, ხოლო ინვესტიციებისთვის ყველაზე ნაკლებ მიმზიდველი სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვის სექტორი და სამთო მომპოვებელი მრეწველობაა.
გრაფიკი 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილობრივი მაჩვენებლები ეკონომიკის სექტორების მიხედვით, 2014-2023 წლები (დაჯამებული)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლები
2024 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39% ენერგეტიკის სექტორზე მოდიოდა, ვაჭრობასა და ტრანსპორტზე კი დაახლოებით 20-20%. სოფლის მეურნეობა სექტორების ათეულშიც ვერ მოხვდა.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ ერთი კვარტალის მონაცემებით მსჯელობა ნაკლებად მართებულია, რადგან შესაძლოა ფიქსირდებოდეს ტექნიკური ხასიათის მოვლენა, როცა, მაგალითად, ინვესტიცია შემოვიდა, მაგრამ მაჩვენებლებში ჯერ არ ასახულა. ამიტომ, რაციონალური მსჯელობისთვის საჭიროა წლიური მონაცემების დამუშავება და მათი ანალიზი. მიმოხილვაში მოცემული ინვესტიციების ასეთი მაჩვენებლები ქვეყნის არასწორ გრძელვადიან ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებს. აგრეთვე, ხაზგასასმელია ისიც, რომ ინვესტიციების უდიდესი ნაწილი სწორედ დასავლური ქვეყნებიდან შემოდის და რუსეთისა და ჩინეთის წილი, სხვა სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორებთან შედარებით, ძალიან დაბალია.

ასევე დაგაინტერესებთ