ე.წ. პირბადეების საქმეზე დღეს, 3 სექტემბერს, მაგისტრი მოსამართლის წინაშე „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ყოფილ დირექტორს, ნინო დოლიძეს კითხავენ.
ნინო დოლიძის განცხადებით, „სამართლიან არჩევნებს“ აქციებისთვის არასოდეს არაფერი არ შეუძენია და პირბადეები, რაც მათ წინააღმდეგ „საბოტაჟის“ მუხლით დაწყებულ საქმეში დევს, თანამშრომლებისთვის იყო შეძენილი.
„ჩვენ უკვე დიდი ხანია ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებს, იქნებოდა ეს დისკრედიტაციის კამპანიები, მათ შორის, ჩემი ორგანიზაციის თუ ჩემს წინააღმდეგ, ასევე საკანონმდებლო ცვლილებები, იგივე რუსული კანონის პირველად და მეორედ მიღება, „ივანიშვილის ფარა“ და ა.შ. ჩვენ ვხედავდით საკანონმდებლო დონეზეც შევიწროების მცდელობებს სამოქალაქო ორგანიზაციების და ეს არის მორიგი დევნა, რადგან დაყადაღების შემდეგ ორგანიზაციებს გაუჭირდებათ ფუნქციონირება…
„სამართლიან არჩევნებს“ აქციებისთვის არასოდეს არაფერი არ შეუძენია. პირბადეები, რომლებზეც, სავარაუდოდ, გვედავებიან, თანამშრომლებისთვის იყო შეძენილი, რადგან ჩემი თანამშრომლების უსაფრთხოება უნდა დამეცვა. ეს ადამიანები იცავდნენ ადამიანის უფლებებს, მონიტორინგს ახორციელებდნენ და ცხადია, მე ვალდებული ვიყავი, როგორც დირექტორი, დამეცვა მათი უფლებები“, – განაცხადა ნინო დოლიძემ სასამართლოში შესვლამდე.
27 აგვისტოს პროკურატურის მოთხოვნით, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. დაყადაღებულია შემდეგი ორგანიზაციების ანგარიშები:
· „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“,
· „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“
· „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“,
· „დემოკრატიის მცველების“ ,
· „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“,
· „საფარის“
· „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“.
ორგანიზაციებისთვის ყადაღის დადება პროკურატურამ „საბოტაჟის“ შესახებ გამოძიების ფარგლებში მოითხოვა. აღნიშნული გამოძიება პროკურატურაში ვატო შაქარაშვილის მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედი“ შესყიდვის დოკუმენტებს აქვეყნებს იმის “დასტურად”, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ანგარიშები დაუყადაღეს, „ძალადობრივ აქციებს ორგანიზებას და დაფინანსებას“ უწევდნენ.
27 აგვისტოს „იმედმა“ 5 არასამთავრობო ორგანიზაციის შესყიდვების დოკუმენტაცია გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციებზე სიუჟეტის ავტორის, სოფო ბერიძის განცხადებით, დოკუმენტები „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა“. საუბარია: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“, „დემოკრატიის მცველების“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შესყიდვებზე.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ამ 5 ორგანიზაციამ აქციების დროს პირბადეებზე, რესპირატორებზე და სხვა დამცავ საშუალებებზე ჯამში, სულ დაახლოებით, 7 500 ლარი დახარჯა.
28 აგვისტოს „იმედმა“ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) წინააღმდეგ არსებული „მტკიცებულებებიც“ გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციებზე სიუჟეტის ავტორმა, სოფო ბერიძემ ამჯერადაც თქვა, რომ „ექსკლუზიურად მოიპოვეს“ ISFED -ის შესყიდვის დოკუმენტი, რომელიც „საბოტაჟის“ საქმეში დევს.
„იმედის“ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ISFED-მა 2024 წლის 1 მაისს 18 რესპირატორის და 20 დამცავი სათვალე შეიძინა, რაშიც 1200 ლარზე მეტი გადაიხადა.
· “საბოტაჟი” 7500 ლარით? – “იმედმა” ყადაღადადებული ორგანიზაციების შესყიდვების დოკუმენტი გამოაქვეყნა
