პეტრე ცისკარიშვილი – ჩვენ 4-5 დღის წინ მოვითხოვეთ ნებართვა, მაგრამ ამ წუთამდე არ გვაქვს პასუხი, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩაერთოს სასამართლო პროცესზე – ეს იყო მისთვის შესაძლებლობა, რომ მიემართა საზოგადოებისთვის და ესეც წაართვეს

იმ რეპრესიული შეზღუდვების ფონზე, რის მიხედვითაც თვითმარქვია ხელისუფლებას ეშინია სასამართლო პროცესების გამჭვირვალობის, მედიის დასწრების, სასამართლო სხდომების გაშუქების, მიხეილ სააკაშვილსაც შეეზღუდა საკუთარი თავის ეფექტური დაცვის შესაძლებლობები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს.
ცისკარიშვილის განცხადებით, სააკაშვილს არ აქვს ამ წუთამდე ნებართვა, რომ ჩაერთოს სასამართლო სხდომას, გამოვიდეს საკუთარი სიტყვით, მოახსენოს საზოგადოებას საკუთარი პოზიცია, რაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო მისთვის, რითაც ის საკუთარ ხალხს ესაუბრებოდა და სათქმელი მიჰქონდა საზოგადოებამდე.
მისი თქმით, „ახალი რეპრესიული კანონის ფონზე მასაც შეეზღუდა ეს შესაძლებლობა“.
„ჩვენ დაახლოებით 4-5 დღის წინ მოვითხოვეთ ნებართვა, მაგრამ ამ წუთამდე არ გვაქვს პასუხი, რომ ჩაერთოს პროცესზე“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.