მათ უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება იმისთვის, რომ ბოლომდე იყვნენ კორუფციაში ჩაფლული, მილიონებს შოულობდნენ, ხოლო ხალხი აქ ვინც რჩება, გაღარიბდეს, ვინც გაასწრებს ქვეყნიდან, გავიდეს – ჩვენი ვალია, გავერთიანდეთ. ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ და ოქტომბრის ბოლოს ამ ადამიანებს გავუშვებთ, – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“.
როგორც მან აღნიშნა, ყველა საკითხს, რაზეც შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა შიშები, ფობიები, რაც შეიძლება საარჩევნო პროცესებს უკავშირდებოდეს, ნებისმიერ მანიპულაციას, თემას ეს ადამიანები გამოიყენებენ რამდენიმე დამატებითი ხმის მოსაზიდად.
„ისედაც არიან რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და ბელარუსის ბანაკში მოთავსებულები და სამწუხაროდ, აქეთ მიაქანებენ ქართულ სახელმწიფოს, რაც ნამდვილად არ გამოვა, რადგან 26 ოქტომბრამდე ცოტა დრო დარჩა და დასრულდება მათი ხელისუფლებაში ყოფნა. ისინი უბრალოდ ვერ მოასწრებენ და არ გამოუვათ!
ერთი რაღაც უნდა ესმოდეთ, ასეთ განცხადებას როცა აკეთებენ, მათ მთავარი ამბავი არ ესმით. პარტიები, იგივე „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის საბუთები, წესდება და იუსტიციაში გატარებული და რეგისტრირებული დოკუმენტაცია, ეს არის იდეა, ხალხი, ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, განვითარებისთვის, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ხალხისთვის დოვლათის მოტანისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ რეფორმები, რომელიც 8-9 წლის განმავლობაში გატარდა 2003 წლიდან მოყოლებული, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და საქართველო უნდა შემობრუნდეს ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე. ჩვენ უკვე დავკარგეთ 12 წელი, უკვე ჩავეფალით სიღარიბეში, უკვე აუტანელია ემიგრაციის ის დონე, რაც საქართველოდან ხალხის გადინებას უკავშირდება. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და ეს ყველაფერი უნდა შემობრუნდეს ევროატლანტიკურ განვითარების ტრაექტორიაზე 26 ოქტომბერს.
ჩვენს საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ეს არის მართლაც რეფერენდუმი, ისტორიული და უმნიშვნელოვანესი არჩევნები და ის გადაწყვეტილება, რომელიც მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს. ეს არის არჩევნები იმაზე, თუ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება იზოლირებულსა და გაღარიბებულში თუ ევროპულსა და განვითარებულში. ამ საკითხს უკავშირდება 26 ოქტომბრის არჩევნები. ამ გამოძიებებს, განცხადებებს „ნაციონალურ მოძრაობას“ გავაუქმებთ“, „რეგისტრაციიდან მოვხსნით“, „მარტო ჩვენ დავრჩებით ერთადერთ პოლიტიკურ ორგანიზაციად და პარტიად და აქ ჩრდილოეთ კორეას მოვაწყობთ“ – ეს ყველაფერი იმის გაგრძელებაა, რაც ოფისის გახსნაზე ისაუბრეს. როცა კობახიძემ განაცხადა, რომ „12 წელია ვართ ხელისუფლებაში და მინიმუმ 12 წელი უნდა ვმართოთ ეს ქვეყანა კიდევო“. ხალხს არ ეკითხება, არჩევნების ჩატარებას საერთოდ არ აპირებს, საზოგადოებრივი აზრი არაფერში აინტერესებს, იმიტომ, რომ მათ უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება იმისთვის, რომ ბოლომდე იყვნენ კორუფციაში ჩაფლული, მილიონებს შოულობდნენ, ხოლო ხალხი აქ ვინც რჩება, გაღარიბდეს, ვინც გაასწრებს ქვეყნიდან, გავიდეს. ეს არის მთავარი კონცეფცია და მიდგომა, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს და მის დაჯგუფებას. ჩვენი ვალია, გავერთიანდეთ. მართლაც ერთიანობით და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ და ოქტომბრის ბოლოს ამ ადამიანებს გავუშვებთ“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, მმართველი პარტია ცდილობს გამოიყენოს ნებისმიერი თემატიკა, მანიპულაცია, შეაშინოს მოქალაქეები გეებით, ომით.
„ყველა საკითხს, რაზეც შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა შიშები, ფობიები, რაც შეიძლება საარჩევნო პროცესებს უკავშირდებოდეს, ნებისმიერ მანიპულაციას, თემას ეს ადამიანები გამოიყენებენ რამდენიმე დამატებითი ხმის მოსაზიდად. „გორბის“, ყველა სხვა კვლევა, რასაც აქვეყნებენ, არის გაყალბებული. თვითონ საკუთარი შიდა კვლევები, შიდა ინფორმაციაა მეტ ნაკლებად ზუსტი აქვთ და იციან, რომ ისინი ნებისმიერ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდებიან, პირველივე მოსახვევში. აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ გამოიყენონ ნებისმიერი თემატიკა, მანიპულაცია, შეაშინონ გეებით ადამიანები, შეაშინონ ომით, შეაშინონ იმით, რომ ვიღაც თავს დაგვესხმება, სინამდვილეში, შიში და რეალური საფრთხე რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ თუ, საბოლოო ჯამში, რუსეთის გეოგრაფიულ წრეში მოვხვდებით, ქართველებს მოუწევთ რუსეთის სასარგებლოდ ომებში ჩართვა. ესაა რეალური საფრთხე. ომის საფრთხეზე საუბარი თუ ვინმეს უნდა, უნდა გაითვალისწინოს ის, რომ შენ რომ აქ რუსეთის გუბერნია გახდები, ვის ომში მოგიწევს წასვლა და ვის სასარგებლოდ მოგიწევს ბრძოლა?! ამაზე უნდა დავფიქრდეთ და აქედან გამომდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია იმ ძირითად პუნქტებზე, რისთვისაც სჭირდება მმართველ გუნდს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე მათ მიერ დაინიცირდება სამართლებრივი პროცესი, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“. გარდა ამისა, როგორც მმართველი პარტია აღნიშნავს, მათ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება მისცემს „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტის მიღების შესაძლებლობას, რაც ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვას უმაღლეს, კონსტიტუციურ ხარისხში განამტკიცებს.