„ახალი არჩევნები დაგვინიშნე“ კი არა, უნდა ვითხოვდეთ, „მთავრობა გადადგეს“. უნდა მოსუფთავდეს ველი და ახალი ცესკოთი, ახალი სუს-ით, რომელიც საზოგადოების მხრიდან ნდობით აღჭურვილი პირით დაკომპლექტდება, აი, ასეთ გარემოცვაში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. გულწრფელი პასუხი თუ გაინტერესებთ, თვენახევრის წინაც ვამბობდი, „მოდი, ბიძინა, ჩანიშნე არჩევნები და კიდევ ერთხელ ჩაგვიტარე არჩევნები“, ეს აბსურდული მოთხოვნაა, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ამასთან, გადაცემაში ცისკარიშვილმა ისაუბრა მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ საკითხზე, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესასწავლად პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას გულისხმობს.
„ამაზე წავა თუ არა „ქართული ოცნება“, ეს გამოჩნდება – წავა და წავიდეს, პირიქით, მეტი პოლიტიკური რეკლამა, ჩვენი საქმის მეტი წარმოჩენა, რეალურად, ვინ ებრძვის ამ რეჟიმს ბოლო 12 წელია, ეს ყველაფერი გამოკრისტალდება, ვინ არის მათი მთავარი ოპოზიცია, ესეც უკეთესად გამოჩნდება. ჩვენ გაგვიხარდება, თუ ამ საქმეს მოკიდებენ ხელს, როგორც იმუქრებია.
„ქართული ოცნების“ მხრიდან საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ რომ არა, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა, მმართველი პიარის გარკვეული ნაწილია, რომელიც მათივე მხარდამჭერების პატარა სეგმენტზე მუშაობს, იმათზე, ვინც კორუფციულ მათთან კორუფციულ გარიგებაშია შესული.
შეიძლება 15-20% იყოს ასეთი, ამ მთავარ ბირთვულ დასაყრდენზე შეიძლება ეს მესიჯი გარკვეულწილად მუშაობდეს, მაგრამ ამას დავუპირისპიროთ მეორე და მთავარი ასპექტი, რაზეც არჩევნებამდე ყოველთვის ვამბობდით და ვერც კი გაბედა ამ დიალოგზე ბიძინა ივანიშვილმა წამოსვლა – თუ ასეთი „ბუაა“, თუ ასეთი საფრთხეა და თუ ასე მათ სასარგებლოდ მუშაობს „ნაციონალების“ საფრთხობელას იმიჯი, მაშინ გამოეშვა თავისუფლებაზე მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნებამდე და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაშინდებოდა, ხომ?! ამას, რატომ ვერ ბედავს? იმიტომ, ხომ არა, რომ იცის, პირველივე მოსახვევში, პირველივე არჩევნებზე – მიშას თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დამარცხდება და ძალიან მკვეთრად წააგებს. ასე რომ, ეს ნარატივი საერთოდ გამოგონილი მგონია, მაგრამ საფუძველი აქვს იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც მათ ფუნდამენტალისტ მხარდამჭერებზე შეიძლება მოქმედებდეს, რომ აი, „ნაციონალებით“ აშინებენ, მაგრამ მთლიან საზოგადოებაზე ამას ვერ ვიტყვი“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროტესტსა და მასთან მიმართებაში მიხეილ სააკაშვილის პოზიციაზე, რომელიც ფიქრობს, რომ „ყველაფერი დასრულებული იქნებოდა მშვიდობიანად, თავად რომ გარეთ იყოს“.
„ყველაფერი ძალიან კარგად და ლოგიკურად მიდის, მეტიც, განცვიფრებული ვარ, 2 თვეზე მეტია ამ აქციებმა, დემონსტრაციებმა მუხტი შეინარჩუნა, ყოველდღიურად ქუჩა იკეტება და რუსთაველზე ათასობით ადამიანი დგას. საჯარო რიტორიკაში ცდილობენ, რომ ეს გააუბრალონ და ხან 500 კაცს ახსენებენ, ხან – ფულს უხდიანო და ზღაპრებს უყვებიან მხარდამჭერებს, რომ ისინი დააშოშმინონ, თითქოს არაფერი ხდება, ძალაუფლებას კიდევ მრავალი წელი შევინარჩუნებთო, მაგრამ სინამდვილეში მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ეს მუხტი არსებობს…. ის ადამიანებიც, რომლებმაც არჩევნებამდე დაიჯერეს, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლაც ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით ევროპისკენ მიდის, უკვე იმედგაცრუებულები არიან, არანაირ ევროპისკენ რომ არ მიდის, მათაც ხომ დაიჯერეს უკვე, ასევე იმ ვერტიკალის თვალსაზრისით, ვინც ჯერ კიდევ ირიცხება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წევრად, ამ ადამიანების შემოცლა, შემოფრცქვა და გამოყვანა ბიძინა ივანიშვილის სისტემის წევრობიდან, არის ის ამოცანა, რომელიც ჩემი აზრით, დღეს ოპოზიციას, ქუჩაში მდგომ ხალხს, ოპოზიციურად და ანტიქოცურად განწყობილ ყველა ადამიანს ახლა უნდა ამოძრავებდეს და ეს მიზანი უნდა ჰქონდეს. ამ ამოცანის შესრულებაში, მე ვფიქრობ, მიშას ბადალი არ ჰყავს. სწორედ ის მოახერხებდა ამ მიზნის მიღწევას ყველაზე სწრაფად, ეფექტურად, უკეთესად. შეიძლება ასიდან ასივე ვერ გადმოიყვანო აქეთ მხარეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მისი ვიწრო გარემოცვის მარტო დატოვების საქმეში მიშას წვლილი იქნებოდა განუზომლად დიდი. [მიხეილ სააკაშვილმა] თქვა, „დავტოვებდი მეფეს მარტოს და შიშველს“, ანუ ბიძინა ივანიშვილს.
შეიძლება საჯაროდ არ აღიარონ და ვერ დამეთანხმონ ჩვენი სხვა კოლეგა ოპოზიციონერები, მაგრამ გულის სიღრმეში მათაც იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებიდან გაშვების საქმეში მიშა სააკაშვილის როლი იქნებოდა განუზომლად დიდი,“ – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ყველა მიმართულებით სირთულე აქვს.
„მიშა სააკაშვილის გარეშეც, რა თქმა უნდა, ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ – ვერტიკალი უნდა ჩამოვშალოთ და ბიძინა ივანიშვილის მარტო დავტოვოთ, მაგრამ ამისთვის შემდეგი ეტაპი იცით, რა არის? „ახალი არჩევნები დაგვინიშნე“ კი არა, უნდა ვითხოვდეთ, მთავრობა გადადგეს, მოსუფთავდეს ველი და ახალი ცესკოთი, ახალი სუსი, რომელიც საზოგადოების მხრიდან ნდობით აღჭურვილი პირით დაკომპლექტდება, აი, ასეთ გარემოცვაში უნდა ჩატარდეს არჩევნები და ჩატარდება, რა თქმა უნდა, როდესაც ესენი წავლენ, ბუნებრივად ჩატარდება. გულწრფელი პასუხი თუ გაინტერესებთ, თვენახევრის წინაც ვამბობდი, „მოდი, ბიძინა, ჩანიშნე არჩევნები და კიდევ ერთხელ ჩაგვიტარე არჩევნები“, ეს აბსურდული მოთხოვნაა“, – განაცხადა ცისკარიშვილმა და აღნიშნა, რომ „თუ მთავრობა, ადმინისტრაცია, სუსი თავისუფალი არ გახდნენ ბიძინა ივანიშვილისგან და მისი თვითგამოცხადებული რეჟიმის ზეგავლენისგან, მაშინ არანაირი არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს. ასეთი თანმიმდევრულობა უნდა იყოს – ჯერ მთავრობა გამოიცვალოს, გადადგეს და შემდეგ უკვე მივა საქმე არჩევნებამდე“, – აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.
