პეტერბურგში ქარიშხალს სამი ადამიანი ემსხვერპლა

სანქტ-პეტერბურგში ძლიერ ქარიშხალს სამი ადამიანი ემსხვერპლა. ამინდი რუსულ ქალაქში მკვეთრად 1-ელ ივლისს გაუარესდა.
პეტერბურგის მედია, Фонтанка გასულ დღეს წერდა, რომ ხის დაცემის შედეგად 36 წლის ქალი დაიღუპა. ამავე მედიამ 2 ივლისის დილას გაავრცელა ცნობა, რომ ხე დაეცა 11 წლის ბავშვსაც, რომლის გადარჩენაც დაზიანებების სიმძიმის გამო ვერ მოხერხდა. Фонтанка წერს მესამე დაღუპულზეც, რომელიც ტაჯიკეთის მოქალაქე, 26 წლის კაცი იყო. ის სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობდა.
რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ ხდის შენობებს სახურავებს ძლიერი ქარიშხალი. ასევე, ზოგიერთ კადრში ჩანს, როგორ წაიქცა ამწე, რომელიც სამშენებლო სამუშაოების მიდამოებში იდგა.