კრემლმა დაადასტურა, რომ სამშაბათს მოლაპარაკებები გაიმართება აშშ-სა და რუსეთს შორის.
„დღეს პრეზიდენტ პუტინის დავალებით ელ-რიადში მიფრინავენ საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი. როგორც მოსალოდნელია, სამშაბათს ისინი ამერიკელებთან პირისპირ გამართავენ მოლაპარაკებებს, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მიეძღვნება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების კომპლექსს,“ მოჰყავს „ინტერფაქსს“ კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის სიტყვები.
პესკოვის თქმით, განიხილავენ ასევე უკრაინის ომის დარეგულირების თაობაზე რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
„ინტერფაქსი“ და Reuters-ი ასევე წერდნენ, რომ რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი.
შეხვედრის ადგილად საუდის არაბეთის შერჩევის წინადადებით დონალდ ტრამპი გამოვიდა გასულ კვირაში.
აშშ-ის დელეგაციას უხელმძღვანელებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელიც, Reuters-ის თანახმად, უკვე ჩავიდა საუდის არაბეთში.
მედიის ცნობით, აშშ-ის დელეგაციაში შედიან ასევე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი.
მარკო რუბიომ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ცდილობს, უკრაინისა და მთელ მსოფლიოში აშშ-ის მოკავშირეების მონაწილეობით შექმნას პირობები უფრო ფართო დიალოგისთვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირამ და დღემ უნდა განსაზღვროს, თუ რამდენად სერიოზულად უდგება პუტინი ამ საკითხს.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ ამ შეხვედრაში უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას.
საუდის არაბეთში ვიზიტის დროს რუბიო, სავარაუდოდ, ღაზაში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზეც იმსჯელებს. Reuters-ის თანახმად, სავარაუდოდ, დღის წესრიგში იქნება ტრამპის წინადადება, ღაზის პალესტინელი მცხოვრებლების სხვა არაბულ ქვეყნებში, „ბევრად უფრო უსაფრთხო და ლამაზ არეალებში“ გადასახლების შესახებ.
რეგიონის დიდმა სახელმწიფომ, საუდის არაბეთმა და სხვა არაბულმა ქვეყნებმა, კატეგორიულად უარყვეს ეს წინადადება. იორდანიის მეფე აბდულამ, რომელიც მომავალ კვირაში შეხვდება ტრამპს თეთრ სახლში, 5 თებერვალს თქვა, რომ იგი ტერიტორიის ანექსიის ნებისმიერი მცდელობის და პალესტინელების გასახლების წინააღმდეგია.
