კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა „სუფთა გამონაგონი“ უწოდა პრესით გავრცელებულ ცნობას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ
„საუბარი არ ყოფილა“, – განაცხადა დღეს, 11 ნოემბერს პესკოვმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე დასმული შეკითხვის პასუხად. კრემლის პრესმდივნის თანახმად, „სინამდვილესთან შეუსაბამო“ ეს ცნობა, „თვალსაჩინო მაგალითია ხარისხის იმ ინფორმაციისა, რომელიც ამჟამად ქვეყნდება ზოგჯერ, საკმაოდ პატივსაცემ გამოცემებშიც“.
ამერიკულმა გამოცემა Washington Post-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით 10 ნოემბერს დაწერა, რომ ტრამპი პუტინს ტელეფონით 7 ნოემბერს ესაუბრა, მოუწოდა თავი შეიკავოს უკრაინაში შემდგომი ესკალაციისგან და შეახსენა, რომ აშშ-ს ევროპაში მნიშვნელოვანი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს.